[1] გადარჩენილებმა, მერეღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტა ერქვა.
[2] კუნძულელებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში დაგვინთეს ცეცხლი და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.
[3] როცა პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, მხურვალების გამო იქედნე გამოძვრა და ხელზე შემოეხვა მას.
[4] კუნძულელებმა რომ დაინახეს მის ხელზე შემოხვეული გველი, ერთმანეთს უთხრეს: „ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგან ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლეს არ ანებებს.“
[5] მაგრამ მან ხელი დაიქნია და ქვეწარმავალი ცეცხლში ჩააგდო, ისე რომ, თავად არაფერი ვნებია.
[6] ისინი კი ელოდნენ, რომ დასივდებოდა ან უცბად დაეცემოდა მკვდარი. მაგრამ რაკი დიდხანს ელოდნენ და ხედავდნენ, არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს: ეს ღმერთიაო.
[7] იმ არე-მარეში კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, ყანები ჰქონდა. მან მიგვიღო ჩვენ და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა.
[8] პოპლიოსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განიკურნა იგი.
[9] ამ ამბის შემდეგ სხვებიც, ვისაც კი კუნძულზე რამე სჭირდა, მოდიოდნენ და იკურნებოდნენ.
[10] მათ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.
[11] სამი თვის შემდეგ გავემგზავრეთ კუნძულზე გამოზამთრებული ალექსანდრიული ხომალდით, რომელიც დიოსკურების ნიშანს ატარებდა.
[12] სირაკუზაში ჩავედით და სამ დღეს დავყავით იქ.
[13] იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაჰქროლა და მეორე დღეს პუტეოლში მივედით,
[14] სადაც ვნახეთ ძმები და მათი თხოვნით შვიდ დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში წავედით.
[15] იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და გამოვიდნენ ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედნამდე და სამდუქნამდე. ისინი რომ დაინახა პავლემ, ღმერთს მადლი შესწირა და გამხნევდა.
[16] როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ყოფილიყო მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.
[17] სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეიკრიბნენ, უთხრა მათ: „კაცნო ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა ჩვეულების საწინააღმდეგო, და პატიმრად გადამცეს იერუსალიმიდან რომაელთა ხელთ.
[18] მათ დამკითხეს და უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, ვინაიდან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მქონდა.
[19] მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისათვის რაიმე ბრალი დამედო.
[20] ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, ვინაიდან ისრაელის სასოებისათვის მაქვს ეს ჯაჭვი შემოხვეული.“
[21] მათ უთხრეს მას: „ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეადან, არც ვინმეს, მოსულ ძმათაგან, უცნობებია ან უთქვამს შენზე რაიმე ძვირი.
[22] ოღონდ ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ შენგან, რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მოძღვრებას ყველგან ეწინააღმდეგებიან.“
[23] დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მასთან სასტუმროში, და დილიდან საღამომდე განუმარტავდა მათ და უმოწმებდა ღვთის სასუფეველზე და იესოზე არწმუნებდა მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან.
[24] ზოგმა დაიჯერა მისი ნალაპარაკევი, სხვებმა კი არ იწამეს.
[25] რომ ვერ შეთანხმდნენ და უნდა დაშლილიყვნენ, პავლემ თქვა ერთი სიტყვა: „კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:
[26] ‘მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
[27] ვინაიდან გასუქდა ამ ხალხის გული, და ყურებით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალებით ვერ ხედავდნენ, ყურებით არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, რომ არ განვკურნო ისინი.
[28] ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს და მოისმენენ კიდეც.“
[29] ეს რომ თქვა, იუდეველნი წავიდნენ და დიდი დავა ჰქონდათ ერთმანეთში.
[30] პავლე მთელ ორ წელიწადს ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს.
[31] ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე სრულებით ცხადად, დაუბრკოლებლად.