Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:45

[1] იმ ხანებში ხელი აღმართა მეფე ჰეროდემ ეკლესიის ზოგიერთ წევრზე საბოროტოდ,

[2] და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა.

[3] როცა დაინახა, რომ ამით ასიამოვნა იუდეველებს, დააპატიმრა პეტრეც. უფუარობის დღეები იყო.

[4] შეიპყრო იგი და ჩასვა საპყრობილეში და უბრძანა მისი დარაჯობა ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს. განზრახული ჰქონდა, რომ პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.

[5] დამწყვდეული იყო პეტრე საპყრობილეში, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.

[6] როცა დააპირა მისი გამოყვანა ჰეროდემ, იმ ღამეს პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ბორკილით შეკრულს. კართან მდგარი მცველები კი დარაჯობდნენ საპყრობილეს.

[7] და, აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და ნათელი გაბრწყინდა შენობაში. ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: „ადექი ჩქარა!“ და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.

[8] უთხრა მას ანგელოზმა: „სარტყელი შემოირტყი და ჩაიცვი სანდლები.“ ასეც გააკეთა. ეუბნება მას: „მოისხი შენი მოსასხამი და გამომყევი.“

[9] გავიდა და გაჰყვა მას. არ იცოდა, რომ, რასაც ანგელოზი იქმოდა, ცხადი იყო, არამედ ფიქრობდა, რომ ჩვენებას ხედავდა.

[10] გასცდნენ პირველ და მეორე საგუშაგოს და მიუახლოვდნენ ქალაქში შესასვლელ დარკინულ კარიბჭეს, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. გავიდნენ და გაიარეს ერთი ქუჩა და ანგელოზი იმწამს განშორდა მას.

[11] გონს რომ მოეგო, თქვა პეტრემ: „ახლა ჭეშმარიტად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყველაფრისაგან, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა.“

[12] გონს მოსული მიადგა იოანეს (მარკოზს რომ ეძახდნენ) დედის, მარიამის, სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.

[13] ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდე, კარის გასაღებად გამოვიდა.

[14] იცნო პეტრეს ხმა და ისე გაუხარდა, რომ ჭიშკარიც არ გაუღია, შინ შევარდა და შეატყობინა, რომ პეტრე იდგა ჭიშკართან.

[15] მათ უთხრეს მას: „შეიშალე?“ ის კი ამტკიცებდა თავისას. ხოლო მათ თქვეს: ეს მისი ანგელოზი იქნებაო.

[16] პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ.

[17] ანიშნა მათ ხელით, რომ გაჩუმებულიყვნენ და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილიდან, და თქვა: „შეატყობინეთ ეს იაკობსა და ძმებს.“ მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.

[18] როცა გათენდა ჯარისკაცებს შორის დიდი განგაში ატყდა იმის გამო, თუ რა იქნა პეტრე.

[19] ჰეროდე კი ეძებდა მას და ვერ იპოვნა. დაჰკითხა მცველები და ბრძანა მათი წაყვანა დასახოცად. მერე იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა.

[20] ჰეროდე გულმოსული იყო ტვირელებსა და ციდონელებზე. ისინი კი ერთსულოვნად მივიდნენ მასთან, მიიმხრეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ითხოვდნენ მშვიდობას, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან საზრდოობდა.

[21] დაწესებულ დღეს ჰეროდემ ჩაიცვა სამეფო შესამოსელი, დაჯდა ტახტზე და მიმართა მათ.

[22] ხალხი კი ღაღადებდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“

[23] უეცრად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულმა სული განუტევა.

[24] უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა.

[25] ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი სამსახური და გამობრუნდნენ იერუსალიმიდან. თან წამოიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული.

მოციქულთა საქმეები — Chapters