Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 6:17

[1] იყო ერთი კაცი კესარიაში, სახელად კორნელიოსი, იტალიურად წოდებული კოჰორტის ასისთავი.

[2] კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო და მთელს თავის სახლთან ერთად, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისათვის და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე.

[3] იხილა მან ჩვენებაში ცხადად, ასე, დღის მეცხრე საათზე, ღვთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: „კორნელიოს!“

[4] შეხედა მას შეშინებულმა და თქვა: „რა არის, უფალო?“ მან უთხრა: „შენი ლოცვანი და მოწყალებანი ამაღლდა ღვთის წინაშე მოსახსენებლად.

[5] ახლა მიავლინე კაცები იაფოში და დაუძახე ვინმე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება.

[6] იგი სტუმრად არის ვინმე სიმონ მეტყავესთან, რომლის სახლი ზღვის პირასა დგას.“

[7] როცა წავიდა მასთან მოსაუბრე ანგელოზი, მან დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ კეთილმსახურ მეომარს, რომელიც თან ახლდა,

[8] უამბო მათ ყოველივე და გაგზავნა იაფოში.

[9] მეორე დღეს, როცა ისინი გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, იქნებოდა ასე ექვსი საათი, რომ პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად.

[10] მოშივდა და ჭამა მოუნდა. ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, გარინდებამ მოიცვა იგი

[11] და იხილა გახსნილი ცა და გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ეშვებოდა მიწაზე.

[12] მასში იყო მიწის ყოველნაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი.

[13] და იყო ხმა მის მიმართ: „ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.“

[14] პეტრემ თქვა: „არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია შებილწული და უწმიდური.“

[15] მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა: „რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად“.

[16] ასე მოხდა სამგზის და ჭურჭელი მყისვე ცად ამაღლდა.

[17] როცა გულში ფიქრობდა პეტრე, თუ რა იყო ეს ჩვენება, რომელიც მან იხილა, აჰა, კორნელიოსის გამოგზავნილი კაცები კითხულობდნენ სიმონის სახლს და ჭიშკართან იდგნენ.

[18] დაუძახეს და ჰკითხეს: „აქაა სტუმრად სიმონი, პეტრედ წოდებული?“

[19] ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: „აგერ, სამი კაცი გეძებს შენ.

[20] ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ. ნუ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი.“

[21] ჩავიდა პეტრე იმ კაცებთან და უთხრა: „მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?“

[22] მათ თქვეს: „ასისთავ კორნელიოსს, მართალს და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მოგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები.“

[23] მაშინ მიიწვია ისინი და უმასპინძლა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იაფოელი ძმაც თან ახლდა.

[24] მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. კორნელიოსი ელოდა მათ, შემოეკრიბა თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები.

[25] როცა შედიოდა პეტრე, კორნელიოსი შეეგება მას, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.

[26] პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც კაცი ვარ.“

[27] და მასთან საუბრით შევიდა და მრავალი შეკრებილი ჰპოვა იქ,

[28] უთხრა მათ: „თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან. მაგრამ მე მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა შებილწული ან უწმიდური.

[29] ამიტომ, როცა მომიხმეს, უყოყმანოდ მოვედი. ამიტომ გეკითხებით: რა საქმეზე მომიხმეთ?“

[30] კორნელიოსმა თქვა: „ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით.

[31] თქვა: ‘კორნელიოს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღვთის წინაშე.

[32] ახლა გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება: მეტყავე სიმონის სახლში დგას ზღვის პირას.’

[33] მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისაგან გაქვს ნაბრძანები.“

[34] გახსნა პეტრემ ბაგე და თქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,

[35] არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.

[36] მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით, ის არის ყოველთა უფალი.

[37] თქვენ იცით, რა მოხდა მთელს იუდეაში, გალილეიდან დაწყებული, იმ ნათლისღების შემდეგ, რომელსაც ქადაგებდა იოანე.

[38] როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან.

[39] ჩვენ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმში, და რომ ბოლოს იგი მოკლეს ძელზე დაკიდებით.

[40] იგი ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და გამოაცხადებინა თავი,

[41] არა მთელი ხალხისთვის, არამედ ღვთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეთათვის, ჩვენთვის, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.

[42] გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ, რომ ის არის ღვთისგან განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.

[43] მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას.

[44] ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.

[45] მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,

[46] რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ მიუგო პეტრემ:

[47] „ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?“

[48] უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს.

მოციქულთა საქმეები — Chapters