Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 7:44

[1] იყვნენ ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ნიგერი ერქვა, ლუკიოს კვირენელი და მანაინი – ტეტრარქის – ჰეროდეს – ძუძუმტე, და სავლე.

[2] როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.“

[3] მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.

[4] ამრიგად, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გასცურეს კვიპროსზე.

[5] სალამისში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში. იოანეც თან ჰყავდათ მსახურად.

[6] როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, ნახეს ერთი კაცი, მოგვი, ცრუწინასწარმეტყველი, იუდეველი, სახელად ბარიესუსი,

[7] რომელიც იყო პროკონსულ სერგის-პავლესთან, გონიერ კაცთან. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა.

[8] წინაღუდგა მათ ელიმას მოგვი, ვინაიდან ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან გადაეცდინა პროკონსული.

[9] ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულიწმიდით, მიაპყრო მას მზერა

[10] და უთხრა: „ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ყოველგვარი სიბოროტით აღვსილო, ეშმაკის ძეო და ყოველივე მართლის მტერო, მოეშვები თუ არა უფლის სწორი გზების გამრუდებას?

[11] აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი: შენ დაბრმავდები და ერთხანს ვეღარ დაინახავ მზეს.“ და მყისვე დაეცა მას ჯანღი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.

[12] მაშინ დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა, და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.

[13] პაფოსიდან გამგზავრებული, პავლე და მასთან მყოფნი, პამფილიის პერგეში მივიდნენ, ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.

[14] ისინი კი პერგეს გავლით მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში, სინაგოგაში შევიდნენ შაბათ დღეს და დასხდნენ.

[15] რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის შემდეგ სინაგოგის უფროსებმა მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „კაცნო ძმანო, თუ რამე მანუგეშებელი სიტყვა გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.“

[16] ადგა პავლე, ხელით ანიშნა და თქვა: „კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!

[17] ამ ერის, ისრაელის, ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები და აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის ქვეყანაში მდგმურობისას, და მაღალი მკლავით გამოიყვანა იქიდან.

[18] და ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში.

[19] მოსპო შვიდი ხალხი ქანაანის ქვეყანაში და მათ დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.

[20] ამის შემდეგ, ასე, ოთხას ორმოცდაათ წელიწადს აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე.

[21] მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე.

[22] მისი გადაყენების შემდეგ, მეფედ დაუყენა მათ დავითი, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ‘ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.’

[23] მისი შთამომავლობისაგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მხსნელი იესო.

[24] მისი მოსვლის წინ იოანე უქადაგებდა მთელ ისრაელის ხალხს მონანიების ნათლისღებას.

[25] როცა ამთავრებდა თავის სარბიელს, იოანე ამბობდა: ‘ვინ გგონივართ მე? მე არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის ფეხზე სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ.’

[26] კაცნო ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და თქვენს შორის ღვთისმოშიშნო! თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა.

[27] ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ იცნეს იგი, დასაჯეს და ამით აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც ყოველ შაბათს იკითხება.

[28] და რაკი ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.

[29] როცა აღსრულდა ყოველივე მასზე დაწერილი, ჩამოხსნეს ძელიდან და დაასვენეს სამარხში.

[30] ხოლო ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი.

[31] მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად გამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც ახლა მისი მოწამენი არიან ხალხის წინაშე.

[32] და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, რომელიც მამებს მისცა, ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო.

[33] როგორც მეორე ფსალმუნში სწერია: ‘ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.’

[34] ხოლო რაკი მან აღადგინა მკვდრეთით, რათა ის აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მე მოგცემთ თქვენ დავითის სარწმუნო სიწმიდეებს,

[35] ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ‘ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.’

[36] მაგრამ დავითმა, რომელიც მსახურებდა თავის თაობაში, ღვთის ნებით განისვენა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.

[37] ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება.

[38] ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო ძმანო, რომ მისით ცოდვების მიტევება გეუწყებათ.

[39] ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.

[40] გაფრთხილდით, რომ არ გეწიოთ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული:

[41] ‘იხილეთ, მოძულენო, და განცვიფრდით და გაუჩინარდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის.’“

[42] როცა იუდეველთა სინაგოგიდან გამოდიოდნენ, ხალხი ევედრებოდა მათ, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები

[43] კრებული რომ დაიშალა, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი რჯულშეცვლილი მისდევდა პავლეს და ბარნაბას. ისინი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.

[44] მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.

[45] როცა იუდეველებმა ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ, და შეურაცხმყოფელად უარყოფდნენ იმას, რასაც პავლე ლაპარაკობდა.

[46] მხნეობა მოიკრიბეს ბარნაბამ და პავლემ გაბედეს და თქვეს: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ.

[47] ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე.’“

[48] ეს რომ ესმოდათ, წარმართები ხარობდნენ და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისათვის იყო განწესებული.

[49] მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა უფლის სიტყვა.

[50] ხოლო იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის მთავარნი, დაიწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გააძევეს ისინი თავიანთი საზღვრებიდან.

[51] მათ კი დაიბერტყეს ფეხის მტვერი და მივიდნენ იკონიაში.

[52] ხოლო მოწაფეები აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.

მოციქულთა საქმეები — Chapters