[1] ამბოხების ჩაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, დაარიგა, დაემშვიდობა, გავიდა და მაკედონიისკენ გასწია.
[2] ის მხარეები რომ მოიარა და მრავალი სიტყვით დაარიგა, ელადაში მივიდა.
[3] იქ სამი თვე დაჰყო, ხოლო სირიაში გადაცურვა რომ დააპირა, იუდეველებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. ამიტომ გადაწყვიტა მაკედონიის გზით დაბრუნებულიყო.
[4] თან ახლდნენ მას აზიამდე ბერეაელი სოპატრე, პიროსის ძე, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიოსი და ტიმოთე, აზიელთაგან – ტიქიკოსი და ტროფიმე.
[5] ისინი წინ წავიდნენ, რათა დაგვლოდებოდნენ ტროადაში.
[6] ჩვენ კი უფუარობის შემდეგ ფილიპედან გავცურეთ და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროადაში, სადაც შვიდი დღე დავყავით.
[7] შვიდეულის პირველ დღესვე, როცა მოწაფეები შეიკრიბნენ პურის გასატეხად, პავლე, რომელიც მეორე დღეს გამგზავრებას აპირებდა, ესაუბრებოდა მათ და შუაღამემდე გააგრძელა სიტყვა.
[8] ზედათვალში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილები, ბევრი სანთელი იყო.
[9] ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიხი, რომელიც სარკმლის რაფაზე ჩამომჯდარიყო, რაკი პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ძილქუშმა მოიცვა და მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.
[10] ჩამოვიდა პავლე, გადაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანვეა.“
[11] ავიდა ზევით და პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, და წავიდა.
[12] ის ყრმა კი ცოცხალი მოიყვანეს და არამცირედი ნუგეში ეცათ.
[13] ჩვენ წინ გავწიეთ ხომალდით და მივცურეთ ასონში, რათა პავლე წამოგვეყვანა იქიდან. ასე გვიბრძანა, რადგანაც თავად ფეხით აპირებდა ასვლას.
[14] როცა ჩვენ შეგვხვდა ასონში, წამოვიყვანეთ იგი და მივედით მიტილენეში.
[15] იქიდან გავცურეთ და მომდევნო დღეს დავდექით ხიოსის პირდაპირ, მეორე დღეს მივადექით სამოსს, დავყავით ტროგილიუმში და მომდევნო დღეს მივედით მილეტში.
[16] პავლემ გადაწყვიტა ეფესოსთვის გვერდი აექცია, რომ არ დაყოვნებულიყო აზიაში, ვინაიდან ჩქარობდა, უნდოდა ორმოცდაათობის დღეს იერუსალიმში ყოფილიყო.
[17] მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და დაიბარა ეკლესიის უხუცესები.
[18] როცა მოვიდნენ მასთან, უთხრა: „თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, როცა აზიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი.
[19] ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელებით, რომელნიც შემემთხვა იუდეველთა შეთქმულებებით.
[20] არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ გამეცხადებინა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლებში.
[21] ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
[22] და აჰა, ახლა სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და რა შემემთხვევა, არ ვიცი.
[23] მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს ქალაქიდან ქალაქში და მეუბნება, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის.
[24] მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი იმ ჩემს სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალ იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება.
[25] აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს.
[26] ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველას სისხლისაგან.
[27] ვინაიდან არ დამიტოვებია გაუცხადებელი ღვთის ყოველი ნება.
[28] გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
[29] ვინაიდან მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
[30] და თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ.
[31] ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.
[32] ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრებელი ყველა განწმედილთან ერთად.
[33] არავისი არც ვერცხლი მინატრია, არც ოქრო, არც ტანისამოსი.
[34] თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს.
[35] ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც მან თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.“
[36] ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა.
[37] მაშინ დიდი ტირილი იყო ყველასთან, ყელზე ეხვეოდნენ პავლეს და კოცნიდნენ.
[38] უფრო მეტად იმ სიტყვაზე წუხდნენ, რომ თქვა, ვეღარ იხილავთო ჩემ სახეს. და მიაცილეს იგი ხომალდამდე.