[1] ამის შემდეგ პავლემ დატოვა ათენი და მივიდა კორინთოში.
[2] და ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, იტალიიდან ახალდაბრუნებულნი, ვინაიდან კლავდიუსმა ბრძანა ყველა იუდეველი რომიდან გამოეძევებინათ, და მივიდა მათთან.
[3] და რაკი ერთი ხელობისანი იყვნენ, დარჩა მათთან და შრომობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.
[4] ყოველ შაბათს საუბრობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს.
[5] როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან მოვიდნენ, მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის, რომ ქრისტეა იესო.
[6] მაგრამ როცა შეეწინააღმდეგნენ და გმობა დაუწყეს, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ. ამიერიდან წარმართებთან მივდივარ.“
[7] და წავიდა იქიდან და შევიდა ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტოსის, სახლში სინაგოგის გვერდით.
[8] კრისპოსმა კი, სინაგოგის მთავარმა, მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; და მრავალმა კორინთოელთაგან, როცა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.
[9] უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები.
[10] ვინაიდან მე ვარ შენთან და ვერავინ გავნებს, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.“
[11] დარჩა იქ ერთ წელიწადსა და ექვს თვეს, და ასწავლიდა მათ შორის ღვთის სიტყვას.
[12] როცა გალიონი აქაიას მთავარი იყო, იუდეველები ერთსულოვნად დაესხნენ თავს პავლეს და მიიყვანეს სამსჯავროში,
[13] და თქვეს: „ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ სცენ თაყვანი ღმერთს.“
[14] როცა პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: „იუდეველებო, რომ ყოფილიყო რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის,
[15] ხოლო, როდესაც სარჩელი ეხება თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს, თქვენ თვითონ მიხედეთ, მე არ მსურს ვიყო ამის მსაჯული.“
[16] და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
[17] მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენესი და სცემეს სამსჯავროს წინ. მაგრამ გალიონს ესენი არ ადარდებდა
[18] პავლემ საკმაო ხანი რომ დაჰყო, გამოეთხოვა ძმებს და გასცურა სირიისაკენ, პრისკილასთან და აკვილასთან ერთად. მან კენქრეში გაიპარსა თავი, ვინაიდან აღთქმა ჰქონდა მიცემული.
[19] ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ეკამათა იუდეველებს.
[20] როცა მას სთხოვეს, რომ მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, არ დათანხმდა,
[21] არამედ გამოეთხოვა მათ და თქვა: „მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო. თქვენთან ისევ დავბრუნდები, თუ ღმერთმა ინება.“ და გასცურა ეფესოდან.
[22] და ჩავიდა კესარიაში, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში ჩავიდა.
[23] დაჰყო რამდენიმე ხანი და წავიდა და რიგრიგობით მოიარა გალატელთა ქვეყანა და ფრიგია, და განამტკიცებდა მოწაფეებს.
[24] ერთი იუდეველი კაცი, სახელად აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი, ენამჭევრი კაცი და ძლიერი წერილებში, მივიდა ეფესოს.
[25] განსწავლული იყო უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, ოღონდ მარტო იოანეს ნათლისცემა იცოდა.
[26] მან გაცხადებულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში. მოუსმინეს აკვილამ და პრისკილამ და თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
[27] ხოლო როდესაც განიზრახა აქაიაში წასვლა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს, ემასპინძლათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მადლით მორწმუნეებს.
[28] ვინაიდან იგი ბეჯითად ამხილებდა იუდეველებს საჯაროდ, ადასტურებდა წერილების მიხედვით, რომ ქრისტეა იესო.