[1] გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო.
[2] თავისი ჩვეულებისამებრ, პავლე შევიდა მათთან და სამი შაბათის განმავლობაში ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან.
[3] უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და რომ ეს ქრისტე იესოა, რომელსაც მე გახარებთო თქვენ.
[4] ზოგიერთმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლესა და სილას, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, ასევე ბევრი დიდგვაროვანი დედაკაცი.
[5] იუდეველები შურით აღივსნენ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე.
[6] ისინი რომ ვერ იპოვეს, იასონი და ზოგიერთი ძმა წაათრიეს ქალაქის მთავრებთან და ყვიროდნენ: „მსოფლიოს ამრევებმა აქაც მოაღწიეს,
[7] იასონმა შეიფარა ისინი. ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.“
[8] ააშფოთეს ხალხი და ქალაქის მთავრები, რომელთაც ესმოდათ ეს.
[9] მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან და გაუშვეს ისინი.
[10] ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბეროაში, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში.
[11] ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო.
[12] ბევრმა მათგანმა ირწმუნა, წარჩინებულ ბერძენ ქალთაგან და კაცთაგან არამცირედმა.
[13] როდესაც შეიტყვეს თესალონიკელმა იუდეველებმა, რომ ბეროაშიც ქადაგებდა პავლე ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ, ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი.
[14] მაშინ ძმებმა მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
[15] გამცილებლებმა პავლე ათენამდე მიიყვანეს, და მიიღეს დავალება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ, რაც შეიძლება, მალე მისულიყვნენ მასთან, და გამობრუნდნენ.
[16] ვიდრე პავლე მათ ათენში ელოდა, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ.
[17] ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.
[18] ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი გაუმართა მას. ერთნი ამბობდნენ: რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს. მეორენი ამბობდნენ: ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
[19] შეიპყრეს იგი და მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: „შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის, შენგან ნაქადაგები, ეს ახალი მოძღვრება?
[20] ვინაიდან რაღაცას უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?“
[21] ყველა ათენელს და იქ მცხოვრებ უცხოელს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე ახლის ლაპარაკი ან მოსმენა.
[22] დადგა პავლე არეოპაგის შუაში და თქვა: „კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ,
[23] ვინაიდან, როცა გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: ‘უცნობ ღმერთს’. მე გიქადაგებთ მას, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.
[24] ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს,
[25] არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
[26] ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი, რათა დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები,
[27] რათა ეძიონ ღმერთი. ვინძლო იგრძნონ იგი და იპოვონ, შორს როდია თითოელი ჩვენთაგანისაგან.
[28] ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა: ჩვენ მისი მოდგმა ვართო.
[29] და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ანდა ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოხატულს.
[30] მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ.
[31] ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც მსოფლიოს განიკითხავს სამართლით წინასწარ არჩეული კაცის ხელით, ყველას მისცა რწმენა, როცა იგი მკვდრეთით აღადგინა.“
[32] ხოლო მკვდართა აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ: ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო.
[33] ასე გამოვიდა პავლე მათგან.
[34] ზოგიერთნი მიემხრნენ და ირწმუნეს – მათ შორის დიონისიოს არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და სხვებმაც მათთან ერთად.