[1] ამ დღეებში, როცა მომრავლდნენ მოწაფეები, ატყდა გაბერძნებულთა დრტვინვა ებრაელობის წინააღმდეგ, ვინაიდან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება.
[2] მაშინ თორმეტმა მოიწვია მოწაფეთა სიმრავლე და უთხრა მათ: „არ შეგვშვენის ღვთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება.
[3] ამოირჩიეთ ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი, ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე.
[4] ჩვენ კი ვიყოთ ლოცვასა და სიტყვის მსახურებაში.“
[5] მთელ სიმრავლეს მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორი, ნიკანორი, ტიმონი, პარმენასი და გაიუდევებული ანტიოქიელი ნიკოლოზი.
[6] წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ.
[7] და ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და მღვდელთაგანიც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას.
[8] სტეფანე კი, მადლით და ძალით აღსავსე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში.
[9] ადგნენ ზოგიერთები ეგრეთ წოდებულ ლიბერტინელთა, კვირინელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და კამათი დაუწყეს სტეფანეს,
[10] და ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.
[11] მაშინ მოისყიდეს კაცები და ათქმევინეს: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსეს და ღვთის საგმობ სიტყვებს.“
[12] ააღელვეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები. მიუხდნენ მას, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს.
[13] წარმოუდგინეს ცრუ მოწმენი, რომლებიც ამბობდნენ: ეს კაცი დღენიადაგ ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო.
[14] ვინაიდან ჩვენ მოვისმინეთ, როგორ ამბობდა, რომ ეს იესო ნაზარეველი დაარღვევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცაო.
[15] უყურებდნენ მას ყველანი, სინედრიონში მსხდომნი, და ხედავდნენ მის სახეს, როგორც ანგელოზის სახეს.