[1] ხუთი დღის შემდეგ მივიდა მღვდელმთავარი ანანია უხუცესებთან და ვინმე რიტორ ტერტილოსთან ერთად, რომლებმაც განმგებელთან უჩივლეს პავლეს.
[2] როცა გამოიძახეს, ტერტილოსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა:
[3] „ყველგან და ყოველთვის მთელი მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენის წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს, და შენს მზრუნველობას ვუმადლით ცვლილებებს ამ ხალხისათვის, უაღმატებულესო ფელიქს.
[4] მაგრამ, ზედმეტად რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ, მოისმინო მოკლედ ნათქვამი შენთვის ჩვეული მოთმინებით.
[5] ეს კაცი ვცანით ჭირად და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღოლად,
[6] რომელმაც ტაძრის შებღალვაც კი სცადა, და შევიპყარით იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა,
[7] მაგრამ ათასისთავი ლუსია მოვიდა და დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან
[8] და უბრძანა მის ბრალმდებლებს შენთან მოსულიყვნენ, რათა შენ თავად შეგძლებოდა მისგან გაგეგო, რას ვდებთ ბრალად.“
[9] იუდეველებმაც დაადასტურეს და თქვეს: ასეაო.
[10] მიუგო პავლემ, როცა განმგებელმა ანიშნა, ილაპარაკეო: „ვიცი, რომ მრავალი წელია, ამ ხალხის მსაჯული ხარ, და ამიტომ გულდაჯერებით დავიცავ ჩემს საქმეს.
[11] შენ შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტ დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანისსაცემად.
[12] არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი ამეშფოთებინოს, ან სინაგოგაში, ან ქალაქში.
[13] შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა ბრალს მდებენ.
[14] ამას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ეგენი მწვალებლობას უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებაშია დაწერილი.
[15] მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.
[16] ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.
[17] მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ხალხისათვის მოწყალებისა და შესაწირავის მოსატანად.
[18] ამგვარად მნახეს ტაძარში, განწმედილი, ბრბოსა და შფოთის გარეშე.
[19] აზიელ იუდეველთაგან იყვნენ ისინი, რომელნიც უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუ რამე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ.
[20] ანდა, თვითონ ამათ თქვან, რა ბრალი ნახეს ჩემში, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი,
[21] გარდა იმ ერთი სიტყვისა, რომელიც მე წამოვიძახე, მათ შორის მდგარმა: მკვდრეთით აღდგომისათვის განვიკითხები-მეთქი დღეს თქვენგან.“
[22] ეს რომ მოისმინა ფელიქსმა, რაკი კარგად იცნობდა ამ გზას, ვადა გადაუდო მათ და უთხრა: როცა ათასისთავი ლუსია მოვა, მაშინ განვიხილავ თქვენს საქმესო.
[23] ასისთავს უბრძანა, დაეცვა იგი, მაგრამ ისე, რომ არ შეეწუხებინათ და მისიანთაგან არავისთვის აეკრძალათ მისი მომსახურება.
[24] რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ფელიქსი და თან ახლდა თავისი მეუღლე დრუსილა, იუდეველი. მოუხმო პავლეს და უსმენდა მას ქრისტე იესოს სარწმუნოების შესახებ.
[25] როცა ის ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე, ფელიქსი შეშინდა და მიუგო: „ახლა წადი და, როცა მოვიცლი, დაგიძახებ.“
[26] ამასთანავე იმედი ჰქონდა, რომ პავლესგან ფულს მიიღებდა, რომ გაეშვა იგი. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
[27] ორი წელი რომ გავიდა, ფელიქსს შემცვლელი მოუვიდა, პორკიოს ფესტოსი. ფელიქსს იუდეველების მომადლიერება უნდოდა და პავლე შებორკილი დატოვა.