[1] როცა ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის მცველთა უფროსი და სადუკეველნი,
[2] გაბრაზებულნი, ხალხს რომ ასწავლიდნენ და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.
[3] და დაადეს ხელები მათ და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, ვინაიდან უკვე საღამოვდებოდა.
[4] ბევრმა კი, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა. მათმა რიცხვმა ხუთი ათასამდე მიაღწია.
[5] მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები,
[6] და ანა მღვდელმთვარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები მღვდელმთავრის მოდგმიდან.
[7] შუაში ჩაიყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: „რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?“
[8] მაშინ პეტრე აღივსო სულიწმიდით და უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო,
[9] თუ დღეს ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი ამ უძლური კაცისათვის გაწეულ სიკეთეზე, თუ როგორ განიკურნა იგი,
[10] ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით.
[11] ეს არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მაშენებლებმა, და რომელიც ქვაკუთხედად იქცა.
[12] სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.“
[13] როცა ხედავდნენ პეტრესა და იოანეს ესოდენ სიმტკიცეს და მიხვდნენ, რომ ისინი უწიგნური და უბრალო ადამიანები არიან, გაუკვირდათ. თანაც იცოდნენ, რომ ისინი იესოსთან ნამყოფები იყვნენ.
[14] ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, საწინააღმდეგოს ვერაფერს ეუბნებოდნენ.
[15] უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში იწყეს მსჯელობა.
[16] ამბობდნენ: „რა ვუყოთ ამ ხალხს? მათი ხელით რომ მოხდა ეს ცხადი სასწაული, ცნობილია იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის და ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ.
[17] მაგრამ, უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ, რომ კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.“
[18] დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით.
[19] მაგრამ პეტრემ და იოანემ მიუგეს და უთხრეს: „განსაჯეთ, მართებულია განა ღვთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს?
[20] ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ.“
[21] ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად, ხალხის გამო, რადგან ყველა ადიდებდა ღმერთს მომხდარისათვის.
[22] ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელზეც მოხდა განკურნების სასწაული.
[23] ხოლო ისინი, ვინც გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რას ეუბნებოდნენ მათ მღვდელმთავარნი და უხუცესნი.
[24] მათ კი, რომ მოუსმინეს, ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეჰღაღადეს: „ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია;
[25] ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის ბაგე ალაპარაკე სულიწმიდით: ‘რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას?
[26] აღდგნენ მეფენი ქვეყნისა და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ.’
[27] ვინაიდან ნამდვილად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად,
[28] რომ მოემოქმედათ ის, რისი მოხდენაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ზრახვამ.
[29] ახლა კი, დაინახე, უფალო, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა, მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა,
[30] როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.“
[31] როცა ლოცულობდნენ, შეიძრა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი, და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას.
[32] მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული და სული ჰქონდა, და არავინ თავის ქონებას არ უწოდებდა თავისას, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
[33] დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალ იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე.
[34] არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, ვინაიდან ყველა, ვინც მინდვრების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა
[35] და დებდა მოციქულთა ფერხთით და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა.
[36] ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა შეარქვეს ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა,
[37] გაყიდა თავისი მინდორი, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.