[1] როცა გადაწყდა ჩვენი გადაცურვა იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი გადასცეს კეისრის ასისთავს, სახელად იულიოსს.
[2] ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქოს მაკედონოსი.
[3] მეორე დღეს ჩავედით ციდონს. იულიოსმა კაცთმოყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო, წასულიყო თავის მეგობრებთან, რათა მათგან შემწეობა მიეღო.
[4] იქიდან გავემგზავრეთ და კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო.
[5] განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და მივედით ლუკიას მირაში.
[6] იქ ნახა ასისთავმა ალექსანდრიის ხომალდი, რომელიც იტალიისაკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა.
[7] მრავალ დღეს ნელა მივცურავდით ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო და ძლივს გავუსწორდით კნიდოსს და მივცურეთ კრეტესთან, სალმონის მხარეს.
[8] წვალებით რომ ჩავუარეთ მას, მივადექით ერთ ადგილს, რომელსაც კეთილი ნავსაყუდელი ეწოდება, რომლის ახლოს არის ქალაქი ლასეა.
[9] რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ
[10] და უთხრა: „კაცნო, მე ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა იქნება საზიანო და დიდად ზარალიანი არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისათვისაც.“
[11] მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის უფროსს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.
[12] რადგან ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, უმრავლესობა რჩევას იძლეოდა გამგზავრებულიყვნენ იქიდან, რომ როგორმე ჩასულიყვნენ გამოსაზამთრებლად ფინიკიაში, კრეტეს ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული.
[13] როცა დაუბერა სამხრეთის ქარმა, იფიქრეს, საწადელს ვეწიეთო, და აუშვეს ღუზა, და გაცურეს კრეტეს გასწვრივ.
[14] მაგრამ სულ მალე ამოვარდა ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა
[15] და გაიტაცა ხომალდი, რომელიც ვეღარ დაუდგა ქარს, და ჩვენც, ტალღებს მინებებულნი, მივქროდით.
[16] ჩავუქროლეთ რომელიღაც პატარა კუნძულს, რომელსაც ერქვა კლავდა, და ძლივძლივობით მოვახერხეთ ნავის დაკავება.
[17] მაღლა რომ ამოათრიეს, მერე ხომალდებს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სურტისზე არ გავირიყოთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ.
[18] რაკი ქარიშხალი კვლავ ბობოქრობდა, მეორე დღეს დაიწყეს ტვირთის გადაყრა.
[19] მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა.
[20] მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები, და არც ძლიერი ქარიშხალი ცხრებოდა. ბოლოს, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა.
[21] დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: „კაცნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტედან არ წამოვსულიყავით, აღარ ნახავდით ამ ზიანსა და ზარალს.
[22] ახლა კი გირჩევთ, გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა,
[23] რადგან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,
[24] და მითხრა: ‘ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.’
[25] ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მე მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა.
[26] რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ.“
[27] მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ხმელეთს უახლოვდებოდნენ.
[28] გაზომეს სიღრმე და აღმოჩნდა ოცი მხარი. შემდეგ მცირე მანძილზე კიდევ გაზომეს და თხუთმეტი მხარი აღმოჩნდა.
[29] შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ მოვხვედრილიყავით, კიჩოებიდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და გათენებას დაელოდნენ.
[30] როცა მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს და ნავის ზღვაში ჩაშვება დაიწყეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდა ჩაეშვათ ღუზები,
[31] უთხრა პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს: თუ ისინი არ დარჩებიან ხომალდზე, თქვენ ვერ გადარჩებითო.
[32] მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს საბელი და ნავი ზღვაში ჩავარდა.
[33] როცა თენდებოდა, პავლე შეაგონებდა ყველას საჭმელი ეჭამათ და ეუბნებოდა: „დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელი ხართ და არაფერი არ გიგემიათ.
[34] ამიტომ გთხოვთ, ჭამოთ საჭმელი. ეს საჭიროა თქვენსავე გადასარჩენად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.“
[35] ეს რომ თქვა, აიღო პური, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და დაიწყო ჭამა.
[36] მაშინ ყველანი გამხნევდნენ და იმათაც ჭამეს საჭმელი.
[37] ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.
[38] როცა დაპურდნენ, ზღვაში ხორბლის გადაყრით დაიწყეს ხომალდის შემსუბუქება.
[39] რომ გათენდა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი სანაპიროიანი ყურე შენიშნეს. სწორედ იქ აირჩიეს ხომალდის მიყენება, თუკი მოახერხებდნენ.
[40] მოხსნეს ღუზები და მიატოვეს ზღვაში, იმავე დროს ახსნეს საჭის თოკები. აუშვეს მცირე აფრა ქარის საწინააღმდეგოდ და ნაპირისკენ აიღეს გეზი.
[41] მიადგნენ მეჩეჩს და მასზე შეაჩერეს ხომალდი. ცხვირი უძრავად ჩაერჭო, კიჩო კი აბობოქრებული ტალღებისაგან ილეწებოდა.
[42] ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, დაეხოცათ პატიმრები, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო.
[43] მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება. ბრძანა, ვინც ცურვა იცოდა, პირველი გადაშვებულიყო და გასულიყო ხმელეთზე.
[44] დანარჩენები კი – ზოგი ფიცრით და ზოგი ხომალდის ნამსხვრევებით. და ამგვარად ყველამ თავს უშველა ხმელეთზე.