Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:19

[1] სამთავროში რომ მივიდა ფესტოსი, სამი დღის შემდეგ კესარიიდან იერუსალიმში ავიდა.

[2] აცნობეს მას მღვდელმთავარმა და იუდეველთა მთავრებმა თავიანთი სარჩელი პავლეს წინააღმდეგ და ევედრებოდნენ,

[3] სთხოვდნენ წყალობას, რათა გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ.

[4] მაგრამ ფესტოსმა მიუგო, რომ პავლე კესარიაშია დაპატიმრებული და რომ მალე თვითონაც იქ მიემგზავრება.

[5] უთხრა მან: „ახლა რომელ თქვენგანსაც შეუძლია, წამომყვეს და, თუ რაიმე აქვს ამ კაცს დანაშაული, ბრალი დასდოს.“

[6] მათ შორის ათი თუ რვა დღე დაჰყო და ჩამოვიდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ადგილზე და პავლეს მოყვანა ბრძანა.

[7] როცა ის მოვიდა, მის ირგვლივ დადგნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, ბევრი და მძიმე ბრალდება წაუყენეს, რომელთა დამტკიცება ვერ შესძლეს.

[8] პავლემ კი თავის გასამართლებლად თქვა: „არაფერი შემიცოდავს არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ.“

[9] ფესტოსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და მიუგო პავლეს და უთხრა: „გინდა იერუსალიმში ასვლა, რომ იქ განიკითხო ამის გამო ჩემს წინაშე?“

[10] უთხრა პავლემ: „კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება.

[11] თუ მართალი არა ვარ და სიკვდილის ღირსი რაიმე ჩამიდენია, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ყველაფერი ტყუილია, რაშიც ესენი ბრალს მდებენ, არავის შეუძლია, მათ ხელში მიმცეს. კეისრის სამსაჯავროს მოვითხოვ.“

[12] მაშინ ფესტოსი მოეთათბირა თავის საბჭოს და მიუგო: „კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და კეისართანვე წახვალ.“

[13] რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე ჩავიდნენ კესარიაში ფესტოსის მოსაკითხავად.

[14] და რაკი მრავალი დღე დაჰყვეს იქ, ფესტოსმა უთხრა მეფეს პავლეზე: „ერთი კაცია, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად,

[15] ვისზეც, იერუსალიმში ყოფნისას, შემომჩივლეს მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა. მის დასჯას მოითხოვდნენ ისინი.

[16] მათ მივუგე, რომ რომაელებს არ სჩვევიათ სასიკვდილოდ გადასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა.

[17] როცა ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე დავჯექი მსაჯულის ადგილზე და ვბრძანე იმ კაცის მოყვანა.

[18] ბრალმდებლებმა, რომლებიც გარს შემოეხვივნენ, ვერცერთი ბრალდება ვერ წაუყენეს, რომელსაც მე ვვარაუდობდი.

[19] მაგრამ ისინი რაღაცას ედავებოდნენ მას სარწმუნოებაზე და ვიღაც გარდაცვლილ იესოზე, რომლის შესახებაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო.

[20] ამ საქმის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ სურდა იერუსალიმში წასულიყო და იქ განკითხულიყო ამისთვის?

[21] მაგრამ, რადგან პავლემ მოითხოვა, რომ კეისრის განსახილველად დაეტოვებინათ, მეც ვბრძანე დაცვის ქვეშ ჰყოლოდათ, ვიდრე კეისარს გავუგზავნიდი.“

[22] აგრიპამ კი უთხრა ფესტოსს: მეც მინდა იმ კაცის მოსმენა. მან თქვა: „ხვალვე მოუსმენ მას.“

[23] მეორე დღეს, როცა მოვიდნენ აგრიპა და ბერნიკე დიდი ბრწყინვალებით და შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად, ფესტოსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე.

[24] და თქვა ფესტოსმა: „მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც. ყვიროდნენ, მან მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო.

[25] მაგრამ მე ვცანი, რომ მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია და, რაკი თვითონ მოითხოვა კეისრის სამსჯავრო, გადავწყვიტე მისი გაგზავნა.

[26] დამაჯერებელი არაფერი მაქვს, რომ მივწერო ხელმწიფეს. ამიტომ მოვიყვანე ეგ თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა დაკითხვის შემდეგ მისაწერი მქონდეს.

[27] ვინაიდან უაზროდ მეჩვენება, პატიმარი გავუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული.“

მოციქულთა საქმეები — Chapters