[1] „კაცნო, ძმანო და მამანო! მოისმინეთ ჩემი თავის მართლება თქვენს წინაშე.“
[2] როცა გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, კიდევ უფრო გაყუჩდნენ. მან თქვა:
[3] „მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი.
[4] სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში გადავცემდი როგორც კაცებს, ასევე ქალებს.
[5] ამაში მღვდელმთავარიც დამემოწმება და მთელი უხუცესობა. მათგან ბარათებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისათვის და მივდიოდი, რომ იქაურებიც წამეყვანა დასასჯელად იერუსალიმში.
[6] მოხდა ისე, რომ როცა მივდიოდი და ვუახლოვდებოდი დამასკოს, შუადღისას უეცრად ძლიერმა ნათელმა მომიცვა ციდან.
[7] დავეცი მიწაზე და მომესმა ხმა, რომელიც მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე?’
[8] მე მივუგე: ‘ვინა ხარ, უფალო?’ მან მითხრა: ‘მე ვარ, იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ სდევნი.’
[9] ჩემთან მყოფებმა იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ.
[10] ვთქვი: ‘რა ვქნა, უფალო?’ უფალმა მითხრა: ‘ადექი და წადი დამასკოს და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს დავალებული.’
[11] რაკი იმ ნათლის დიდების გამო ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთან მყოფებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში.
[12] ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით, რომელსაც ემოწმებოდა იქ მცხოვრები ყველა იუდეველი,
[13] მოვიდა ჩემთან, დამადგა და მითხრა: ‘ძმაო სავლე, აგეხილოს თვალი!’ და მე იმ ჟამსავე დავინახე იგი.
[14] ხოლო მან მითხრა: ‘ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ განგაწესა შენ, რომ შეიცნო მისი ნება, დაინახო მართალი კაცი და ისმინო ხმა მისი ბაგიდან.
[15] რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმისა, რაც ნახე და მოისმინე.
[16] ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.’
[17] როცა იერუსალიმში დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, მოვხვდი ხილვაში.
[18] დავინახე იგი და მან მითხრა: ‘იჩქარე და გადი სწრაფად იერუსალიმიდან, ვინაიდან არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემზე.’
[19] და მე ვთქვი: ‘უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეებში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს.
[20] როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი, და ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოსს.’
[21] და მითხრა: ‘წადი, შორს მიგავლენ წარმართებთან.’“
[22] ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, და აღიმაღლეს ხმა და თქვეს: „აღიგავოს ასეთი კაცი მიწისაგან, ვინაიდან არ არის სიცოცხლის ღირსი!“
[23] როცა ისინი ყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ,
[24] ათასისთავმა ბრძანა ბანაკში შეეყვანათ იგი და უთხრა, შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რისთვის ყვიროდნენ ასე მის წინააღმდეგ.
[25] როცა გაჭიმეს ღვედებით, პავლემ უთხრა იქვე მდგომ ასისთავს: „რა უფლება გაქვთ, რომ გაუსამართლებლად გაშოლტოთ რომაელი კაცი?“
[26] ეს რომ ასისთავმა გაიგო, მივიდა ათასისთავთან და მოახსენა და უთხრა: „რას აპირებ, რომაელი ყოფილა ეს კაცი!“
[27] მივიდა ათასისთავი და უთხრა მას: „მითხარი, რომაელი ხარ?“ მიუგო: „ჰო.“
[28] მიუგო ათასისთავმა: „მე დიდი თანხით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა.“ ხოლო პავლემ თქვა: „მე კი – დაბადებით.“
[29] მყისვე მოეშვნენ, ვინც მას დაკითხვას უპირებდნენ. ხოლო ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ იგი რომაელი ყოფილა, მან კი შეაბორკინა იგი.
[30] მეორე დღეს მოინდომა დანამდვილებით შეეტყო, რას აბრალებდნენ მას იუდეველები. შეხსნა მას ბორკილები და ბრძანა მღვდელმთავართა და მთელი სინედრიონის შეკრება. მოიყვანა პავლე და დააყენა მათ წინაშე.