[1] ორმოცდამეათე დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას.
[2] და იქმნა მოულოდნელად ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ.
[3] და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს.
[4] ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
[5] ხოლო იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდეველნი, ღვთის მოშიში კაცები, ყველა ხალხთაგან, რომელნიც კი ცისქვეშეთში არიან.
[6] როცა ეს ხმაური მოხდა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, ვინაიდან თითოეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ მის საკუთარ ენაზე.
[7] ყველანი გაოგნებული იყვნენ და უკვირდათ, ამბობდნენ: „განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?
[8] როგორ გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?
[9] პართნი და მიდიელნი, ყელამელნი, და მკვიდრნი შუამდინარეთისა, იუდეისა, კაბადუკიისა, პონტოსი და აზიისა,
[10] ფრიგიისა და პამფილიისა, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქებისა, და რომიდან ამოსულნი,
[11] იუდეველნი და რჯულშეცვლილნი, კრეტელნი და არაბები, ვუსმენთ მათ, ჩვენ-ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიად საქმეებზე.“
[12] გაოგნდა ყველა და საგონებელში ჩაცვივდნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ, ეს რას უნდა ნიშნავდეს?“
[13] სხვები კი დაცინვით ამბობდნენ: ტკბილით არიან გამტყვრალნი.
[14] ხოლო თერთმეტთან ერთად მდგომი პეტრე წამოდგა, ხმა აღიმაღლა და უთხრა მათ: „იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრნო! იყოს ეს თქვენთვის ცნობილი და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს.
[15] ისინი არ არიან მთვრალები, როგორც თქვენ გგონიათ, ვინაიდან ახლა დღის მესამე საათია.
[16] მაგრამ ესაა ნათქვამი იოელ წინასწარმეტყველის მიერ:
[17] ‘იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.
[18] ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე მოვაფენ იმ დღეებში ჩემი სულისაგან და აწინასწარმეტყველდებიან.
[19] ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ბოლქვებს.
[20] მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და გაცხადებული.
[21] და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.’
[22] კაცნო ისრაელიანნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი, დამტკიცებული ღვთისაგან თქვენთვის ძალით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მისი ხელით თქვენს შორის, როგორც თვითონვე იცით,
[23] იგი, ღვთის განჩინებული ზრახვით და წინასწარცნობით გადაცემული, ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით.
[24] მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, შეხსნა რა სიკვდილის ბორკილები, ვინაიდან სიკვდილი მას ვერ დააკავებდა.
[25] ვინაიდან დავითი ამბობს მასზე: ‘ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე.
[26] ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და გამხიარულდა ჩემი ენა, ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს.
[27] ვინაიდან ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას ხრწნილების სახილველად.
[28] შენ შემაცნობინე ცხოვრების გზა, სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე.’
[29] კაცნო ძმანო, აშკარად უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდლამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი.
[30] რაკი წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ფიცით შეჰფიცა მას ღმერთმა, რომ მისი საზარდულის ნაყოფს დასვამდა მის ტახტზე,
[31] მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ მიტოვებული არ არის ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება.
[32] ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ.
[33] ამგვარად ღვთის მარჯვენით ამაღლებულმა, მამისაგან მიიღო სულიწმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ.
[34] დავითი ხომ არ ამაღლებულა ზეცად, თვითონვე ამბობს: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
[35] ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.’
[36] ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.“
[37] ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: „როგორ მოვიქცეთ, კაცნო ძმანო?“
[38] ხოლო პეტრემ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
[39] ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ღმერთი ჩვენი.“
[40] და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგანო.
[41] ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა სამი ათასამდე სული.
[42] და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, თანამოზიარობაში, პურის გატეხასა და ლოცვებში.
[43] ყოველი სული შიშით იყო მოცული და მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.
[44] ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
[45] ქონებას და სარჩო-საბადს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, საჭიროებისამებრ.
[46] დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდელს მხიარულებით და გულუბრალოებით.
[47] აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის თვალში მადლს ჰპოვებდნენ. უფალი კი ყოველ დღე უმატებდა დახსნილებს მათ რიცხვს.