Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:46

[1] პირველი წიგნი, თეოფილე, მე შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რისი კეთება და სწავლებაც დაიწყო იესომ,

[2] იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით მოძღვრავდა მოციქულებს, რომლებიც მან ამოირჩია,

[3] რომელთაც წარუდგა ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდეგ, მრავალი სარწმუნო ნიშნით. ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე.

[4] და შეკრიბა ისინი და უბრძანა: არ გასცილებოდნენ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ მამის აღთქმულს, რაზეც უთხრა: „ჩემგან მოისმინეთ;

[5] ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით.“

[6] ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: „ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“

[7] უთხრა მათ: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით.

[8] არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.“

[9] ეს თქვა და, სანამ ისინი უყურებდნენ მას, ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალს.

[10] როცა ისინი ხედავდნენ მის ცად ამაღლებას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით.

[11] უთხრეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ.“

[12] მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზაზე.

[13] შესვლისთანავე ავიდნენ ზედათვალში, სადაც იმყოფებოდნენ პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისა.

[14] ისინი ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან, და მის ძმებთან ერთად.

[15] იმ დღეებში წამოდგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის და თქვა (იქნებოდა იმ ადგილას სულ ასოცამდე კაცი):

[16] „კაცნო ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც წინასწარ თქვა სულიწმიდამ დავითის პირით იუდაზე, რომელიც წაუძღვა იესოს შემპყრობლებს,

[17] ვინაიდან იგი ჩარიცხული იყო ჩვენთან და წილად ხვდა ეს სამსახური.“

[18] მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად და, როცა დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა.

[19] ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისათვის. ამგვარად, მათს საკუთარ ენაზე ეწოდა იმ მიწას ხაკელდამა, ანუ სისხლის ყანა.

[20] „ვინაიდან ფსალმუნთა წიგნში სწერია: ‘გატიალდეს მისი სახლ-კარი, ნუ იქნება მასში მკვიდრი’; და ‘მისი განსაგებელი სხვამ მიიღოს’.

[21] ამგვარად, ჯერ არს, იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახლდნენ, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო,

[22] იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ-ერთი მათგანი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მოწმე.“

[23] და დააყენეს ორნი: იოსები, ბარშაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს, და მათია.

[24] ილოცეს და თქვეს: „უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც შენ ამოირჩიე,

[25] რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა და მოციქულობისა, რომელსაც გამოაკლდა იუდა, რათა თავის ადგილზე წასულიყო.“

[26] და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მათიას, და მიეთვალა თერთმეტ მოციქულს.

მოციქულთა საქმეები — Chapters