Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:40

[1] იგივე მოხდა იკონიაში: ისინი შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და იმგვარად ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა.

[2] ხოლო ურწმუნო იუდეველები აღიზიანებდნენ და აბოროტებდნენ წარმართთა სულებს ძმების წინააღმდეგ.

[3] თუმცა ისინი საკმაო ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად მათი ხელით იძლეოდა ნიშნებსა და ახდენდა სასწაულებს.

[4] გაიყო ქალაქის ერი: ერთნი იუდეველებს მიემხრნენ, სხვანი კი – მოციქულებს.

[5] როცა იუდეველები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად ცდილობდნენ, რომ შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი,

[6] მათ შეიტყეს და გაიქცნენ ლუკაონიის ქალაქებში – ლუსტრასა და დერბეში, მათ შემოგარენში,

[7] და იქ ახარებდნენ.

[8] ერთი კაცი, ფეხებით უძლური, იჯდა ლუსტრაში, დედის მუცლიდანვე კოჭლი იყო და არასოდეს გაევლო.

[9] იგი ისმენდა პავლეს საუბარს. პავლემ შეხედა მას და დაინახა, რომ მას ჰქონდა განკურნების რწმენა.

[10] უთხრა ხმამაღლა: „შენ გეუბნები უფლის, იესო ქრისტეს სახელით: წამოდექი ფეხზე და გაიმართე!“ ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული.

[11] ხალხმა რომ დაინახა, თუ რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აღიმაღლა და ლუკაონურად თქვა: ღმერთები ადამიანებს დაემსგავსნენ და ჩვენთან ჩამოვიდნენო,

[12] და უწოდეს ბარნაბას ზევსი და პავლეს – ჰერმესი, ვინაიდან პავლე უფროსობდა სიტყვაში.

[13] ხოლო ქურუმმა ზევსის ტაძრისა, რომელიც იმ ქალაქის წინ იყო, ჭიშკართან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები და აპირებდა ხალხთან ერთად მსხვერპლის შეწირვას.

[14] ეს რომ გაიგონეს, მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ, შეჰყვირეს და თქვეს:

[15] „კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებისაგან მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, და რაც მათ წიაღშია;

[16] რომელმაც წარსულ თაობებში მიუშვა ყველა ერი, რომ თავისი გზებით ევლოთ,

[17] თუმცა უმოწმებლად არ დაუტოვებია თვისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს.“

[18] ამას რომ ლაპარაკობდნენ, ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.

[19] მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, დაარწმუნეს ხალხი და ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ.

[20] როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, წამოდგა და წავიდა ქალაქში. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა.

[21] სახარებას უქადაგებდნენ ამ ქალაქს, მრავალი დაიმოწაფეს და დაბრუნდნენ ლუსტრას, იკონიას და ანტიოქიას.

[22] ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს და შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში, ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა.

[23] ხელი დაასხეს მათ თითოეულ ეკლესიაში უხუცესებს და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.

[24] და გაიარეს პისიდია და მივიდნენ პამფილიაში.

[25] და იქადაგეს პერგეში სიტყვა და ჩავიდნენ ატალიაში.

[26] იქიდან გასცურეს ანტიოქიაში, საიდანაც მიენდნენ ღვთის მადლს საქმისათვის, რომელიც შეასრულეს.

[27] მოვიდნენ და შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რაც გაუკეთა მათ ღმერთმა და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს.

[28] დაყვეს არამცირედი ხანი მოწაფეებთან.

მოციქულთა საქმეები — Chapters