[1] როცა მათ დავშორდით, გადავცურეთ პირდაპირ და მივედით კოსში, ხოლო მეორე დღეს – როდოსს, და იქიდან – პატრაში.
[2] ვნახეთ ხომალდი, რომელიც ფინიკიაში მიდიოდა, ავედით და გავცურეთ.
[3] კვიპროსი რომ გამოჩნდა, მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისაკენ გავცურეთ და ჩავედით ტვიროსში, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი.
[4] მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში.
[5] ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლ-შვილითურთ ქალაქგარეთ გამოგვაცილა და ზღვის ნაპირზე მუხლმოყრილებმა ვილოცეთ.
[6] ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ავედით ხომალდზე, ისინი კი სახლებში დაბრუნდნენ.
[7] დავასრულეთ ცურვა და ტვიროსიდან პტოლემაისში ჩავედით, მოვიკითხეთ ძმები და ერთი დღე დავყავით მათთან.
[8] მეორე დღეს გამოვედით და მივედით კესარიას, და შევედით ერთ-ერთ შვიდთაგანის – ფილიპე მახარებლის – სახლში და დავრჩით მასთან.
[9] მას ჰყავდა ოთხი ქალიშვილი – გაქადაგებული ქალწულები.
[10] მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში იუდეიდან ჩამოვიდა წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი.
[11] მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: „ასე ამბობს სულიწმიდა: კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იერუსალიმში იუდეველები და წარმართებს მისცემენ ხელში.“
[12] ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში.
[13] მაშინ მოგვიგო პავლემ და გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, არამედ იერუსალიმში სასიკვდილოდაც მზადა ვარ უფალ იესოს სახელისათვის.“
[14] რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავწყნარდით და ვუთხარით: „უფლის ნება იყოს!“
[15] იმ დღეების შემდეგ გავემზადეთ და ავედით იერუსალიმს.
[16] თან გამოგვყვა აგრეთვე ზოგიერთი მოწაფე კესარიიდან და მიგვიყვანეს მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია.
[17] იერუსალიმში მისულნი სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.
[18] მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან და ყველა უხუცესიც მოვიდა.
[19] მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მოახდინა წარმართებს შორის მისი მსახურებით.
[20] ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს მას: „ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის! და ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.
[21] შენზე გაიგეს, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთ შვილებს და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონო.
[22] აბა, რა ვქნათ? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებენ.
[23] ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული.
[24] წაიყვანე ესენი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე მათი ხარჯები, რათა თავი გაიპარსონ, და გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას.
[25] ხოლო წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივწერეთ, მოერიდონ ნაკერპავებს, სისხლს, დამხრჩვალს და მრუშობას.“
[26] მაშინ პავლემ წაიყვანა ის კაცები, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმიდა, მომდევნო დღეს შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, რომ დასრულდა განწმედის დღეები, როცა თითოეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.
[27] როცა იწურებოდა შვიდი დღე, აზიელმა იუდეველებმა, ტაძარში რომ დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას.
[28] ყვიროდნენ: „კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან უქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ. ახლა ბერძნებიც კი შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.“
[29] მასთან ერთად ქალაქში უნახავთ ტროფიმე ეფესელი და ჰგონებიათ, პავლემ შეიყვანაო ტაძარში.
[30] მთელი ქალაქი შეიძრა და შეგროვდა ხალხი. პავლე შეიპყრეს, გამოათრიეს ტაძრიდან და კარები მყისვე ჩაიკეტა.
[31] როცა მოკვლა დაუპირეს, რაზმის ათასისთავს მიუვიდა ამბავი, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო.
[32] მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და გაეშურა მათკენ. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას.
[33] მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა ორი ჯაჭვით შეეკრათ, და კითხულობდა: ვინ არის და რა ჩაიდინაო?
[34] ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი – მეორეს. ხოლო მან, რაკი ვერ შეძლო არეულობის გამო სინამდვილის გაგება, მისი ბანაკში წაყვანა ბრძანა.
[35] როცა კიბეებთან მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ხალხის სიმრავლის გამო,
[36] ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: „სიკვდილი მაგას!“
[37] ბანაკში რომ შეჰყავდათ, პავლემ უთხრა ათასისთავს: „შეიძლება ერთი რამ გითხრა?“ მან თქვა: „ბერძნული იცი?
[38] შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ შფოთი რომ ატეხა და ოთხი ათასი ყელისგამომღადვრელი უდაბნოში გაიყვანა?“
[39] თქვა პავლემ: „მე იუდეველი კაცი ვარ, ტარსუსელი, არცთუ უცნობი კილიკიის ქალაქის მოქალაქე. გთხოვ, ნება მომცე, ხალხს დაველაპარაკო.“
[40] ნება რომ მისცა, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა და თქვა.