[1] პავლე, ქრისტე იესოს მონა, მოწოდებული მოციქული, ამორჩეული ღვთის სახარებისათვის,
[2] რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში
[3] თავის ძეზე, რომელიც დავითის თესლისგან იშვა ხორციელად,
[4] განწესებულზე ღვთის ძედ ძალაში სიწმიდის სულით, მკვდრეთით აღდგომისათვის, ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე,
[5] რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყველა ხალხები,
[6] რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი;
[7] ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარელთ, წოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
[8] პირველად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეოხებით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა იხარება მთელ სოფელში.
[9] ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.
[10] მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე გავბედნიერდე ღვთის ნებით თქვენთან მოსვლით,
[11] ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად.
[12] ესე იგი, თქვენთან ერთად ვინუგეშო ერთმანეთის რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
[13] მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, მაგრამ აქამდე ვბრკოლდებოდი, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში.
[14] ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
[15] ამგვარად, ჩემი მხრით, მზად ვარ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
[16] ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც.
[17] მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც სწერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით.“
[18] ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
[19] იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ.
[20] ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ.
[21] რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
[22] თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ.
[23] და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
[24] ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმიდურებას მათი გულისთქმებითურთ, რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები.
[25] რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
[26] ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი.
[27] ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
[28] და რაკი არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად.
[29] აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით,
[30] ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგამზრახველნი, მშობლების ურჩნი,
[31] უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი.
[32] იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ.