[1] უთხრა მღვდელმთავარმა: „მართალია, რასაც ამბობენ?“
[2] მან თქვა: „კაცნო ძმანო და მამანო, ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დასახლდებოდა, და უთხრა მას:
[3] ‘გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.’
[4] მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დასახლდა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.
[5] მასში ფეხის მოსაკიდებელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მისცემდა სამფლობელოდ მას და მის თესლს მის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.
[6] ასე ელაპარაკა ღმერთი, რომ მისი თესლი მდგმურად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ მას და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს.
[7] ‘იმ ხალხს კი, ვისაც დაემონებიან, მე განვიკითხავ,’ – თქვა ღმერთმა, – ‘და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან და მომემსახურებიან ამ ადგილას.’
[8] და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. მან შვა ისაკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს; ხოლო ისაკმა – იაკობი, იაკობმა – თორმეტი მამამთავარი.
[9] მამამთავრებს შეშურდათ იოსებისა და გაყიდეს იგი ეგვიპტეში, მაგრამ ღმერთი იყო მასთან
[10] და იხსნა იგი ყველა მისი გასაჭირიდან და უბოძა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტის მეფის წინაშე, რომელმაც დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის განმგებლად.
[11] მოვიდა შიმშილი და დიდი გასაჭირი მთელ ეგვიპტესა და ქანაანში, და ჩვენი მამები ვერ შოულობდნენ საზრდოს.
[12] ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, გაგზავნა პირველად ჩვენი მამები.
[13] მეორედ ჩასვლისას გაუმჟღავნა იოსებმა თავი თავის ძმებს და ფარაონმა შეიტყო იოსების გვარტომობა.
[14] გაგზავნა იოსებმა და მოიწვია თავისი მამა იაკობი და მთელი თავისი სანათესაო, სამოცდათხუთმეტი სული.
[15] და ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში და გარდაიცვალა იგი, და ჩვენი მამებიც.
[16] გადმოასვენეს ისინი შექემს და ჩაასვენეს სამარხში, რომელიც აბრაამმა იყიდა ვერცხლის ფასად შექემში ემორის ძეთაგან.
[17] და როცა ახლოვდებოდა აღთქმის შესრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, ეს ხალხი მატულობდა ეგვიტეში და მრავლდებოდა,
[18] ვიდრე ეგვიპტეზე აღდგებოდა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
[19] ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, აიძულებდა ჩვენს მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.
[20] ამ დროს დაიბადა მოსე და იყო სათნო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა.
[21] როცა გადააგდეს, აიყვანა იგი ფარაონის ასულმა და შვილად გაზარდა.
[22] და განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით.
[23] როცა ორმოცი წელი შეუსრულდა, გულით მოისურვა თავისი ძმების, ისრაელიანების, მონახულება.
[24] როცა დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა და იმ დაჩაგრულის შური იძია და განგმირა ეგვიპტელი.
[25] ეგონა, მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ.
[26] მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ისინი ჩხუბობდნენ, მათი შერიგება მოინდომა და უთხრა: ‘კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?’
[27] მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ‘ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად?
[28] ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?’
[29] ამ სიტყვებზე გაიქცა მოსე და გახდა მდგმური მიდიამის ქვეყანაში, სადაც შეეძინა ორი ვაჟი.
[30] როცა შესრულდა ორმოცი წელი, ეჩვენა მას სინაის მთის უდაბნოში უფლის ანგელოზი, ალმოდებული მაყვლოვანიდან.
[31] მოსემ დაინახა და განცვიფრდა ამ ხილვაზე. როცა დასაკვირვებლად მიუახლოვდა, იყო უფლის ხმა:
[32] ‘მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა.’ შეძრწუნდა მოსე და ვერ გაბედა დაკვირვება.
[33] უთხრა მას უფალმა: ‘გაიძრე ფეხსამოსი ფეხზე, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა.
[34] მე ვხედავ ჩემი ხალხის გაჭირვებას ეგვიპტეში და მესმის მისი კვნესა, და ჩამოვედი მათ გამოსახსნელად. ახლა წადი, მე მიგავლენ ეგვიპტეში.’
[35] ეს ის მოსეა, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ‘ვინ დაგნიშნა მთავრად და მსაჯულადო?’ ღმერთმა მთავრად და მხსნელად ეს მიავლინა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას მაყვლოვანში ეჩვენა.
[36] მან გამოიყვანა ისინი და ახდენდა სასწაულებს და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წელი.
[37] ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელიანებს: ‘წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ ღმერთი თქვენი ძმებიდან. მას უსმინეთ!’
[38] ეს არის, ვინც იყო კრებულში უდაბნოდ ანგელოზთან ერთად, რომელიც მას ელაპარაკებოდა სინაის მთაზე, და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;
[39] ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და თავიანთი გულებით ეგვიპტისკენ მიიქცნენ.
[40] უთხრეს აარონს: ‘გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, ვინაიდან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა.’
[41] და გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას.
[42] ზურგი შეაქცია მათ ღმერთმა და ციური მხედრობის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წინასწარმეტყველთა წიგნში სწერია: ‘თუ მოგიტანიათ ჩემთვის საკლავი და მსხვერპლი უდაბნოში ორმოც წელიწადს, სახლო ისრაელისა?
[43] დაატარებდით მოლექის კარავს და თქვენი ღმერთის რემფას ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რომ თაყვანი გეცათ მათთვის, და მეც გადაგასახლებთ ბაბილონს იქით.’
[44] მოწმობის კარავი ჰქონდათ ჩვენს მამებს უდაბნოში, როგორც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის თანახმად, რომელიც იხილა.
[45] მიიღეს იგი ჩვენმა მამებმა და იესოსთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ღმერთმა განდევნა ჩვენი მამების წინაშე. ასე იყო დავითის დღეებამდე.
[46] მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და სთხოვდა ნებას, რომ იაკობის ღვთისთვის სავანე ეპოვა.
[47] სახლი კი სოლომონმა აუგო მას.
[48] მაგრამ მაღალი არ არის ხელით ქმნილში დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:
[49] ‘ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა – ჩემს ფერხთა კვარცხლბეკი, – ამბობს უფალი, – როგორ სახლს ამიგებთ მე, ან რომელი ადგილია ჩემი დასასვენებლი ადგილი?
[50] განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?’
[51] ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც.
[52] რომელს არ დევნიდნენ წინასწარმეტყველთაგან თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით,
[53] თქვენ, რომლებმაც მიიღეთ რჯული ანგელოზების განკარგულებით და არ დაიცავით იგი.“
[54] ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე.
[55] ახედა მან ცას, აღსავსემ სულიწმიდით, და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგარი იესო.
[56] და თქვა: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგარს.“
[57] მაგრამ მათ ხმამაღალი ყვირილი მორთეს, ყურები დაიცვეს და ერთსულოვნად დაეძგერნენ მას.
[58] და გაათრიეს ქალაქგარეთ და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა.
[59] რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.“
[60] მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას.“ ეს თქვა და მიიძინა.