[1] ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებითო.
[2] როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან.
[3] გააცილა ეკლესიამ და ფინიკიასა და სამარიაში გავლისას ისინი უამბობდნენ წარმართთა მოქცევაზე, და ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ.
[4] იერუსალიმში რომ მივიდნენ, მიიღეს ისინი ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, და აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათი ხელით,
[5] წამოდგნენ ზოგიერთნი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მცნებად დადება, რომ დაიცვან მოსეს რჯული.
[6] შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად.
[7] ხანგრძილივი გამოძიების შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: „კაცნო ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.
[8] და გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ.
[9] განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როცა რწმენით განწმიდა მათი გულები.
[10] ახლა რატომ გამოსცდით ღმერთს და ქედზე ადგამთ მოწაფეებს უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს, ვერც ჩვენ?
[11] მაგრამ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი.“
[12] ბევრი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც მოუთხრობდნენ, თუ რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის.
[13] მათი დადუმების შემდეგ მიუგო იაკობმა და თქვა: „კაცნო ძმანო, მომისმინეთ:
[14] სიმონმა მოგვითხრო, როგორ მოხედა ღმერთმა პირველად წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის.
[15] ამასვე ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია:
[16] ‘ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ კარავს, დანგრეულს აღვადგენ და კვლავ ავაშენებ,
[17] რათა ეძიოს ადამიანთა ნატამალმა უფალი და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი.
[18] საუკუნითგან ღვთისთვის ცნობილია ყოველი მისი საქმე.’
[19] ამიტომ მე ვფიქრობ, არ დავაბრკოლოთ ისინი, ვინც წარმართთაგან ღვთისკენ არიან მიქცეულნი,
[20] არამედ მივწეროთ მათ, რომ ერიდონ კერპებით შებილწულს, მრუშობას, დამღრჩვალს და სისხლს.
[21] ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.“
[22] მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელ ეკლესიასთან ერთად საჭიროდ მიიჩნიეს, ამოერჩიათ თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში მისავლენად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად: იუდა, რომელსაც ბარშაბა ეწოდა, და სილა – კაცები, რომლებიც წინამძღვრობდნენ ძმებს შორის.
[23] დაწერეს თავიანთი ხელით: „მოციქულები და უხუცესები, ძმები – ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულ ძმებს: გიხაროდეთ!
[24] რაკი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აღგაშფოთეს თავიანთი სიტყვებით და სული შეგირყიეს, რადგან გითხრეს, უნდა წინადაიცვითოთ და რჯული დაიცვათო, რაც ჩვენ არ დაგვივალებია,
[25] ერთსულოვნად საჭიროდ მივიჩნიეთ კაცების არჩევა თქვენთან მოსავლენად ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად,
[26] ადამიანებთან, რომელთაც თავი გადადეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის.
[27] ჩვენ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით.
[28] საჭიროდ სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.
[29] ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, დამღრჩვალსა და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!“
[30] წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს კრებული და გადასცეს წერილი.
[31] როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.
[32] იუდამ და სილამ, რომლებიც აგრეთვე წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს.
[33] დაყვეს იქ რამდენიმე ხანი და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან.
[34] ხოლო სილამ საჭიროდ მიიჩნია იქვე დარჩენა.
[35] პავლე და ბარნაბა შეყოვდნენ ანტიოქიაში, ასწავლიდნენ და ახარებდნენ ბევრ სხვასთან ერთად უფლის სიტყვას.
[36] რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა ბარნაბას პავლემ: „წავიდეთ კიდევ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა. ვნახოთ, როგორ არიან.“
[37] ბარნაბას სურდა, თან წაეყვანა იოანე, რომელსაც მარკოზი ერქვა.
[38] პავლე კი ფიქრობდა, რომ არ უნდა წაეყვანათ ის, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე.
[39] ჩამოვარდა უთანხმოება და ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და გაცურეს კვიპროსამდე.
[40] ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.
[41] მიმოდიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.