[1] სავლე კი, რომელიც ჯერ კიდევ სიკვდილის მუქარით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან მივიდა
[2] და სთხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგომს, მამაკაცებს თუ დედაკაცებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში.
[3] გზად მიმავალს, როცა დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად მოეფინა ნათელი ციდან
[4] და დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“
[5] თქვა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ მან კი: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.“
[6] შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: „რა გსურს, უფალო, რომ გავაკეთო?“ და უთხრა მას უფალმა: „ადექი და შედი ქალაქში და გეტყვიან, რაც უნდა გააკეთო.“
[7] კაცები კი, რომლებიც მასთან ერთად მიდიოდნენ, უსიტყვოდ იდგნენ, ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.
[8] წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ხელი მოჰკიდეს მას და შეიყვანეს დამასკოში.
[9] სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა.
[10] იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. და უთხრა უფალმა მას ჩვენებაში: „ანანია!“ მან თქვა: „აჰა, მე, უფალო.“
[11] უთხრა მას უფალმა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომესაც ჰქვია სწორი და იუდას სახლში იკითხე ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. აჰა, ლოცულობს იგი.
[12] და იხილა მან ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი აეხილა.“
[13] მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში.
[14] და აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს.“
[15] უთხრა მას უფალმა: „წადი, ვინაიდან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.
[16] მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისთვის.“
[17] წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე, სადაც მიდიოდი, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.“
[18] და მაშინვე, თითქოს ქერცლი მოსძვრაო მის თვალებს, აეხილა, ადგა და მოინათლა.
[19] და მიიღო საჭმელი და მომაგრდა. და დარჩა იგი დამასკოში მყოფ მოწაფეებთან რამდენიმე დღე.
[20] და სასწრაფოდ დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის არის ძე ღვთისა.
[21] გაოგნებული იყო ყველა მსმენელი და ამბობდა: „ნუთუ ეს ის კაცია, იერუსალიმში რომ სპობდა ამ სახელის მხმობელთ და აქაც ხომ იმისათვის მოვიდა, რომ შებორკილნი წაეყვანა ისინი მღვდელმთავრებთან?“
[22] სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და განაცვიფრებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.
[23] განვლო მრავალმა დღემ და იუდეველები შეითქვნენ მის მოსაკლავად.
[24] ცნობილი გახდა სავლესთვის მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღედაღამ სდარაჯობდნენ კარიბჭესთან, რომ მოეკლათ იგი.
[25] აიყვანეს მოწაფებმა ღამით და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.
[26] მივიდა იერუსალიმში და ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო.
[27] ბარნაბამ წაიყვანა იგი, მიიყვანა მოციქულებთან და მოუთხრო მათ, თუ როგორ იხილა გზაში უფალი, რომელიც ელაპარაკა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.
[28] და დარჩა იგი მათთან. გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ქადაგებდა უფლის სახელით.
[29] ლაპარაკობდა და ეპაექრებოდა კიდეც გაბერძნებულთ, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.
[30] როცა შეიტყვეს ეს ძმებმა, წაიყვანეს იგი კესარიას და გაგზავნეს ტარსუსში.
[31] ამგვარად ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.
[32] ერთხელ, ყველა ადგილის შემოვლისას, პეტრე მივიდა წმიდებთანაც, რომლებიც ლიდაში ცხოვრობდნენ.
[33] ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე.
[34] და უთხრა მას პეტრემ: „ენეას, გკურნავს შენ იესო ქრისტე. ადექ და გაისწორე ლოგინი.“ და მაშინვე წამოდგა.
[35] ხედავდა მას ყველა, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, და მოიქცნენ ისინი უფლისაკენ.
[36] იყო იაფოში ერთი მოწაფე დედაკაცი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.
[37] იმ დღეებში იყო, რომ ავად გახდა იგი და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედათვალში.
[38] ახლოს იყო ლიდა იაფოსთან და, მოწაფეებმა შეიტყეს პეტრე იქ არისო, და ორი კაცი გაუგზავნეს სათხოვნელად, რომ არ დაეყოვნებინა მათთან მისვლა.
[39] ადგა პეტრე და წავიდა მათთან. როცა მივიდა, აიყვანეს ზედათვალში, და მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უმზადებდა, სანამ მათთან იყო.
[40] გაუშვა გარეთ ყველანი პეტრემ, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და თქვა: „ტაბითა, ადექი!“ მან აახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
[41] ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი.
[42] ცნობილი გახდა ეს მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი.
[43] მან მრავალი ხანი დაჰყო იაფოში ვინმე სიმონთან, მეტყავესთან.