Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:54

[1] კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარეები, ჩავიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი.

[2] უთხრა მათ: „თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?“ მათ მიუგეს: „არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა.“

[3] უთხრა: „რიღათი მოინათლეთ?“ მათ თქვეს: „იოანეს ნათლისცემით.“

[4] თქვა პავლემ: „იოანე ნათლავდა მონანიების ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე.“

[5] მათაც გაიგეს და მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.

[6] როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და აწინასწარმეტყველდნენ.

[7] სულ იყო თორმეტიოდე კაცი.

[8] შევიდა სინაგოგაში და სამ თვეს გაცხადებულად საუბრობდა და ირწმუნებოდა ღვთის სასუფეველის შესახებ.

[9] მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაჯიუტდნენ და არ ირწმუნეს, და საჯაროდ ლანძღავდნენ უფლის გზას, მაშინ მან მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში.

[10] ასე გასტანა ორ წელიწადს, ისე რომ აზიის ყველა მცხოვრები ისმენდა უფლის სიტყვას – როგორც იუდეველები, ისე ბერძნები.

[11] ხოლო ღმერთი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით.

[12] ისე რომ, ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ და ბოლო ეღებოდა მათ სნეულებებს, და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.

[13] შეეცადა ზოგიერთი მოხეტიალე შემლოცველი იუდეველიც უფალ იესოს სახელის ხსენებას ავი სულით შეპყრობილზე და ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.

[14] ამას აკეთედა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას, შვიდი ვაჟი.

[15] მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?“

[16] და დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა მათ, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ სახლიდან.

[17] ეს ცნობილი გახდა ყველა იუდეველისა და ბერძენისათვის, რომლებიც ეფესოში ცხოვრობდნენ, და თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი.

[18] მრავალი მორწმუნეთაგანი მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.

[19] ბევრმა მათგანმა, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი აღმოჩნდა.

[20] ასე იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის ძალისამებრ სიტყვა.

[21] როდესაც ეს აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო მაკედონიასა და აქაიას გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: „იქ ყოფნის შემდეგ რომიც უნდა მოვინახულო.“

[22] გაგზავნა მაკედონიაში ორი თავისი მსახური – ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა.

[23] იმ ხანებში დიდი არეულობა მოხდა უფლის გზის გამო.

[24] იყო ერთი ვერცხლის მჭედელი, სახელად დემეტრე, რომელიც არტემისის ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და არამცირედ საქმეს უჩენდა ხელოსნებს.

[25] შეკრიბა ისინი და მათი ხელობის ხალხი და უთხრა: „კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.

[26] ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში ამ პავლემ თავისი დარწმუნებით ამდენი ხალხი შეაცდინა. ასე ამბობს: ადამიანთა ხელითქმნილნი არ არიანო ღმერთები.

[27] ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემისის ტაძარსაც აღარაფერი მნიშვნელობა ექნება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანსა სცემს მთელი აზია და მსოფლიო.“

[28] ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ, მორთეს ყვირილი და ამბობდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“

[29] მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს გაიოსი და არისტარქოს მაკედონელნი, პავლეს თანამგზავრები, და ერთსულოვნად გაეშურნენ თეატრონისაკენ.

[30] პავლეს სურდა ხალხში გასულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს.

[31] ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს არ გამოჩენილიყო თეატრონში.

[32] ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი – სხვას, ვინაიდან კრებული ჭრელი იყო და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი.

[33] ხალხიდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელიც იუდეველებმა წარადგინეს. ალექსანდრემ ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლებინა ხალხის წინაშე.

[34] როცა შეიტყეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველას ერთი ხმა აღმოხდა და თითქმის ორ საათს გაჰყვიროდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“

[35] ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: „ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ეფესელთა ქალაქი მცველია დიდი არტემისისა და ცითმოვლენილისა?

[36] და რაკი ეს უცილობელია, თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ.

[37] მოიყვანეთ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველები არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელები.

[38] თუ დემეტრესა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს აქვთ ვინმეზე საჩივარი, აგერ გვაქვს სამსჯავროს შეკრებები და გვყავს პროკონსულები, და უჩივლონ ერთმანეთს.

[39] ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე გადაწყდება.

[40] ვინაიდან ჩვენ საფრთხე გვემუქრება, რომ დღევანდელი შფოთისთვის ბრალს დაგვდებენ, რაკი არ არსებობს მიზეზი, ამ თავყრილობის გამართლება რომ შეგვეძლოს.“ ეს თქვა და კრება დაითხოვა.

მოციქულთა საქმეები — Chapters