Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:48

[1] გაიგეს მოციქულებმა და ძმებმა, რომლებიც იუდეაში იყვნენ, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა.

[2] როცა პეტრე ავიდა იერუსალიმში, საყვედურობდნენ მას წინადაცვეთილები

[3] და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო.

[4] დაუწყო მათ პეტრემ განმარტება თანამიმდევრულად, როგორც მოხდა, და თქვა:

[5] „მე ვიყავი ქალაქ იაფოში, ვლოცულობდი და გარინდებაში ვიხილე ჩვენება: გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, ოთხი კიდით ეშვებოდა ზეციდან, და ჩემამდე დაეშვა.

[6] შევხედე მას, დავაკვირდი და დავინახე შიგ მიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი.

[7] მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ‘ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!’

[8] ვთქვი: ‘არა, უფალო! რადგან ჩემს პირში არასოდეს არაფერი ჩასულა შებილწული და უწმიდური.’

[9] მეორედ მომიგო ხმამ ციდან: ‘რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად.’

[10] ეს მოხდა სამჯერ, და ყველაფერი ისევ ცად ამაღლდა.

[11] და აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი.

[12] მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და შევედით იმ კაცის სახლში.

[13] გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში მდგომარე ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ‘გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს.

[14] ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩებით შენ და მთელი შენი სახლი.’

[15] როცა ლაპარაკი დავიწყე, სულიწმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველად.

[16] გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო.

[17] თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?“

[18] ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.“

[19] ხოლო დაფანტულები დევნისაგან, სტეფანეს გამო რომ მოხდა, მივიდნენ ფინიაკამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე, და ებრაელების გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას.

[20] იყვნენ მათგან ზოგიერთნი კვიპროსელნი და კვირენელნი, რომლებიც ანტიოქიაში მისვლისას ელაპარაკებოდნენ ბერძნებსაც და ახარებდნენ მათ უფალ იესოს.

[21] და იყო უფლის ხელი მათთან, ძალიან ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისაკენ.

[22] მიაღწია ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდე და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში.

[23] როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დარჩენილიყვნენ უფალში;

[24] ვინაიდან იგი კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე. და მრავალი ხალხი შეემატა უფალს.

[25] წავიდა ტარსუსში სავლეს საძებნელად და ნახა იგი, და ანტიოქიაში მოიყვანა.

[26] მოუხდათ მათ, რომ მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში, ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. და, პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები.

[27] იმ დღეებში მოვიდნენ მქადაგებელნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში.

[28] წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, გამოაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ მსოფლიოში, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს.

[29] ხოლო მათ გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, შეწევნა გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდეაში იმყოფებოდნენ.

[30] ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.

მოციქულთა საქმეები — Chapters