[1] აგრიპამ უთხრა პავლეს: „ნება გეძლევა ილაპარაკო საკუთარ თავზე.“ მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა:
[2] „ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც მე იუდეველნი ბრალს მდებენ.
[3] მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ იუდეველთა ყველა ჩვეულებისა და სადაო საკითხის მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო.
[4] ყველა იუდეველმა იცის ჩემი ცხოვრება სიჭაბუკიიდან, რომელიც იმთავითვე ჩემს ხალხში, იერუსალიმში გავატარე.
[5] ისინი კარგა ხანია, მიცნობენ, თუკი დამოწმება სურთ, რომ მე, როგორც ფარისეველი, ვცხოვრობდი ჩვენი სარწმუნოების უზუსტესი მოძღვრების მიხედვით.
[6] და ახლა ვდგავარ განსაკითხავად აღთქმის იმედის გამო, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს,
[7] რომლის მიღწევის იმედი აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისათვის მდებენ ბრალს იუდეველები, მეფევ!
[8] დაუჯერებელი რატომ გგონია, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?
[9] თავად, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ,
[10] და ასეც ვაკეთებდი იერუსალიმში: ბევრი წმიდა ჩავყარე საპყრობილეებში მღვდელმთავართა ხელმწიფებით აღჭურვილმა, და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი,
[11] ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ და, მათზე მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც კი ვდევნიდი.
[12] ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და დავალებით.
[13] შუადღისას, მეფევ, გზაზე ვიხილე ნათელი ციდან, მზის უბრწყინვალესი ნათელი, რომელიც მოგვეფინა მე და ჩემს თანამგზავრებს.
[14] ყველანი მიწაზე დავემხეთ და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულ ენაზე მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე? გაგიძნელდება საგმირისათვის წიხლის ცემა.’
[15] მე ვთქვი: ‘ვინ ხარ შენ, უფალო?’ უფალმა თქვა: ‘მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.
[16] მაგრამ წამოდექი და დადექი ფეხზე, ვინაიდან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგაყენო მსახურად და იმის მოწამედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ,
[17] რათა გიხსნა ამ ხალხისგან და წარმართთაგან, რომლებთანაც მიგავლენ
[18] მათი თვალების ასახელად და ბნელიდან ნათლისაკენ, და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.’
[19] ამიტომ, მეფე აგრიპავ, არ ვეურჩე ციურ ჩვენებას,
[20] არამედ პირველად დამასკოს მკვიდრთ და მერე იერუსალიმელებს და იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისაკენ მოქცევას, და მონანიების ღირს საქმეებს ვაკეთებდი.
[21] ამისათვის შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს.
[22] მაგრამ, ღვთის შეწევნით, მე დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ მცირესა და დიდს, არაფერი მითქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო,
[23] რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და მკვდართაგან პირველი აღმდგარიყო, რომ ნათელი ეუწყებინა ამ ხალხისა და წარმართებისათვის.“
[24] ასე რომ იცავდა თავს, ფესტოსმა ხმამაღლა თქვა: „სულელობ, პავლე! ბევრ სწავლას სისულელემდე მიჰყავხარ.“
[25] პავლემ კი: „მე არ ვსულელობ, უაღმატებულესო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვლაპარაკობ.
[26] ვინაიდან ეს ამბავი იცის მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. მე არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა.
[27] წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპავ? ვიცი, რომ გწამს.“
[28] აგრიპამ პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.“
[29] პავლემ კი: „ღმერთს ვევედრები, რომ მალე თუ გვიან არა მარტო შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მე მისმენს, ისეთი გახდეს, როგორც მე ვარ, გარდა ამ ბორკილებისა.“
[30] ეს რომ თქვა, მეფე და განმგებელი, ბერნიკა და მასთან მსხდომნი წამოიშალნენ,
[31] განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო.
[32] ხოლო აგრიპამ ფესტოსს უთხრა: „შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრის სამსჯავრო რომ არ მოეთხოვა.“