[1] პეტრე და იოანე ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათზე.
[2] იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე საპყარი. ყოველდღე მოჰყავდათ იგი და სვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემომსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა.
[3] როცა დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე, და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება.
[4] პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.“
[5] იგი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს გამორჩებოდა.
[6] უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, გაიარე!“
[7] მარჯვენაზე მოჰკიდა ხელი და წამოაყენა, და მას უცბად გაუმაგრდა ფეხები და კოჭები.
[8] წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს.
[9] და ხედავდა მთელი ხალხი მას, მოარულსა და ღვთის მაქებარს.
[10] იცნეს იგი, რომ ეს იყო ტაძრის მშვენიერ კარიბჭესთან მოწყალების სათხოვრად მჯდომი. ისინი შიშით აღვსილნი და გაოგნებულნი იყვნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
[11] და რაკი იგი ჩაბღაუჭებული იყო პეტრესა და იოანეს, მთელი ხალხი განცვიფრებული მიაწყდა მათ სოლომონის სტოაში, როგორც იწოდება.
[12] დაინახა პეტრემ და უპასუხა ხალხს: „კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალით და სიწმიდით დავაწყებინეთ მას სიარული?
[13] აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა იგი აპირებდა მის გათავისუფლებას.
[14] თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის.
[15] სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
[16] მისი სახელის რწმენით, მისმა სახელმა გაამაგრა ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, და მისმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე ყოველი თქვენგანის თვალწინ.
[17] ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს.
[18] ხოლო ღმერთმა, როგორც წინდაწინ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.
[19] აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები.
[20] რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ მან თქვენთვის წინასწარ განწესებული ქრისტე იესო,
[21] რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.
[22] ვინაიდან მოსემ თქვა: ‘წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ თქვენი უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან. გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით.
[23] და მოხდება, რომ ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწარმეტყველს, მოიკვეთება ხალხიდან.’
[24] ყველა წინასწარმეტყველნი, სამუელიდან და მას აქეთ, რამდენს ლაპარაკობდნენ და ასევე წინასწარ იუწყებოდნენ ამ დღეებზე.
[25] თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს: ‘შენს თესლში იკურთხება მიწის ყოველი ტომი!’
[26] ღმერთმა, აღადგინა რა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხებლად, რათა მოგაქციოთ ყოველი თქვენი ბოროტი საქმიდან.“