Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:16

[1] სავლემ მოიწონა მისი მოკვლა. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველა, მოციქულთა გარდა, გაიფანტა იუდეასა და სამარიის მხარეებში.

[2] დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს იგი.

[3] სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები, და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.

[4] ამასობაში გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.

[5] ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და მათ უქადაგებდა ქრისტეს.

[6] ხალხი ერთსულოვნად ყურს უგდებდა, რასაც ფილიპე ლაპარაკობდა, უსმენდა და ხედავდა, რა ნიშნებს ახდენდა იგი.

[7] ვინაიდან მრავალთაგან, რომლებიც უწმიდური სულებით იყვნენ შეპყრობილნი, ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ. მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა.

[8] დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში.

[9] იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრევე ჯადოქრობას ეწეოდა და აოცებდა სამარიელ ხალხს, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა.

[10] ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: „ეს ის ღვთიური ძალაა, დიდად რომ იწოდება.“

[11] ყურს კი იმიტომ უგდებდნენ მას, რომ დიდი ხნიდან აოგნებდა მათ ჯადოქრობით.

[12] როცა ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფევლსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც.

[13] თვითონ სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და, მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, გაოგნებული იყო.

[14] გაიგეს იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,

[15] რომლებიც ჩავიდნენ იქ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა.

[16] ვინაიდან მანამდე არცერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ მონათლულები იყვნენ უფალ იესოს სახელით.

[17] მაშინ დაასხეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა.

[18] როცა დაინახა სიმონმა, რომ მოციქულთა ხელების დასხმით ეძლეოდათ სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ.

[19] თქვა: „მეც მომეცით ხელმწიფება, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სულიწმიდა.“

[20] პეტრემ უთხრა მას: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, ვინაიდან ღვთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე.

[21] არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არ არის წრფელი ღვთის წინაშე.

[22] მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა,

[23] ვინაიდან გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შებორკილს.“

[24] მიუგო სიმონმა და უთხრათ: „შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არაფერი ეწიოს თქვენი ნათქვამიდან.“

[25] ხოლო როცა მათ დაამოწმეს და ილაპარაკეს უფლის სიტყვა, გამობრუნდნენ იერუსალიმისკენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.

[26] უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: „ადექი და წადი სამხრეთისაკენ, იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ჩადის. უკაცრიელია იგი.“

[27] ადგა და წავიდა, და აჰა, ერთი ეთიოპელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკეს, დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანის საცემად მოსულიყო იერუსალიმში,

[28] უკან ბრუნდებოდა და, თავის ეტლში მჯდომი, კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.

[29] უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი და ახლოს დაუდექი მაგ ეტლს.“

[30] მიირბინა ფილიპემ და, როცა მოისმინა, რომ იგი ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, უთხრა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“

[31] მან უთხრა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.

[32] წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, ეს იყო: „კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს ბაგე.

[33] დამცირებაში წაერთვა სამართალი და ვინ მოიკითხავდა მის წარმოშობას? რადგან ცოცხალთა ქვეყანას მოსწყდა, ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი.“

[34] მიუგო საჭურისმა ფილიპეს და უთხრა: „გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი. თავის თავზე, თუ სხვა ვინმეზე?“

[35] გახსნა ფილიპემ ბაგეები, დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ.

[36] როცა გზა განაგრძეს, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?“

[37] უთხრა მას ფილიპემ: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.“ მიუგო და უთხრა მან: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.“

[38] და უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა იგი.

[39] როცა წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა ფილიპე წარიტაცა და ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა. წავიდა თავის გზაზე გახარებული.

[40] ფილიპე კი აღმოჩნდა აშდოდში, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.

მოციქულთა საქმეები — Chapters