Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:55

[1] ერთმა კაცმა კი, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან, ერთად გაყიდა მინდორი

[2] და გადამალა საფასურიდან, – ეს მისმა ცოლმაც იცოდა, – ხოლო რაღაც ნაწილი მოიტანა და დადო მოციქულთა ფერხთით.

[3] უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა მიწის საფასურიდან?

[4] განა რაც გქონდა, შენი არ იყო, და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.“

[5] ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ვინც ეს მოისმინა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა.

[6] წამოდგნენ ჭაბუკები, შესუდრეს იგი, გაიტანეს და დამარხეს.

[7] სამიოდე საათმა განვლო და შევიდა მისი ცოლიც, რომელმაც არ იცოდა რა მოხდა.

[8] ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?“ თქვა: „დიახ, ამდენად.“

[9] პეტრემ უთხრა მას: „რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფერხნი, და შენც გაგიტანენ.“

[10] დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.

[11] დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც ეს მოისმინა.

[12] მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და იყვნენ ერთსულოვნად ყველანი სოლომონის სტოაში.

[13] დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა, შეერთებოდა მათ, მაგრამ აქებდა მათ ხალხი.

[14] სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი.

[15] ისე რომ, ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს.

[16] ბევრნი მოდიოდნენ იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.

[17] აღდგნენ მღვდელმათავარი და ყველა მასთან მყოფი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.

[18] დაადეს ხელი მოციქულებს და საერთო საპატიმროში ჩასხეს.

[19] მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:

[20] „წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.“

[21] ეს რომ მოისმინეს, განთიადისას შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანთა უხუცესების საბჭო და გაგზავნეს საპატიმროში მათ მოსაყვანად.

[22] მხლებელნი რომ მივიდნენ, ვერ ნახეს ისინი საპყრობილეში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს,

[23] უთხრეს: „საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი. რომ გავაღეთ, შიგ ვერავინ ვნახეთ.“

[24] ეს სიტყვები რომ ესმათ ტაძრის მცველთა უფროსსა და მღვდელმთავრებს, საგონებელს მიეცნენ, რა უნდა მომხდარიყო.

[25] ვიღაც მივიდა და მოახსენა მათ: „აგერ ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ასწავლიან ხალხს.“

[26] მაშინ წავიდა მცველთა უფროსი მხლებლებთან ერთად და მოიყვანა ისინი იძულების გარეშე, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.

[27] მოიყვანეს სინედრიონის წინაშე და დააყენეს და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა

[28] და უთხრა: „სასტიკად აგიკრძალეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით. აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს ჩვენ.“

[29] მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.

[30] ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ მოჰკალით ძელზე დაკიდებით.

[31] იგი ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად აღამაღლა თავისი მარჯვენით, რომ მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება.

[32] და მოწმენი ვართ ამ სიტყვებისა ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც ღმერთმა მისცა თავის მორჩილთ.“

[33] ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მოინდომეს მათი დახოცვა.

[34] წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივდებული, და ბრძანა, მოციქულები მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ.

[35] უთხრა მათ: „კაცნო ისრაელიანნო, დაფიქრდით ამ ხალხზე, რასაც უპირებთ მათ.

[36] ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი გაჰყვა მას. მაგრამ ის მოკლეს და, ყველა, ვინც მორჩილებდა მას, გაიფანტა და არარად იქცა.

[37] ამის შემდეგ, აღწერის დროს, აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი გაიყოლია. ისიც დაიღუპა, და ყველა, ვინც მას მორჩილებდა, გაიფანტა.

[38] ახლა გეუბნებით თქვენ: ჩამოშორდით ამ ხალხს და მოეშვით მათ, ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება,

[39] ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ.“

[40] დაუჯერეს ეს და დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს.

[41] ხოლო ისინი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.

[42] ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს.

მოციქულთა საქმეები — Chapters