[1] ჩავიდა დერბეს და ლუსტრას. და, აჰა, იქ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი,
[2] რომელზეც მოწმობდნენ ლუსტრელი და იკონიელი ძმები.
[3] პავლემ მოისურვა მასთან ერთად წასვლა. წაიყვანა და წინადაცვითა იუდეველთა გულისთვის, რომლებიც იმ ადგილებში იყვნენ, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.
[4] ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულთა და უხუცესთა მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები.
[5] ეკლესიები კი მტკიცდებოდა რწმენით და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
[6] გაიარეს მათ ფრიგია და გალატელთა ქვეყანა, და სულიწმიდისგან აკრძალული ჰქონდათ სიტყვის ქადაგება აზიაში.
[7] მივიდნენ მისიამდე და აპირებდნენ ბითვინიაში გამგზავრებას, მაგრამ იესოს სულმა არ გაუშვა ისინი.
[8] მისიას გასცდნენ და ტროაში ჩავიდნენ.
[9] ღამით პავლეს ჩვენება ჰქონდა: წარუდგა ვიღაც მაკედონიელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა: „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე.“
[10] ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე ვცადეთ მაკედონიაში გამგზავრება. ვფიქრობდით, რომ ღმერთმა მოგვიწოდა, გვეხარებინა მათთვის.
[11] გავცურეთ ტროადან და პირდაპირ გავეშურეთ სამოთრაკეში, ხოლო მეორე დღეს – ნეაპოლისში.
[12] იქიდან ფილიპეში, რომელიც მაკედონიის მთავარი ნაწილის ქალაქია, კოლონია. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე.
[13] შაბათ დღეს გავედით კარიბჭის გარეთ, მდინარის პირას, სადაც სალოცავი გვეგულებოდა. დავსხედით და ველაპარაკებოდით იქ შეკრებილ დედაკაცებს.
[14] ერთი დედაკაცი, სახელად ლიდია, ქალაქ თიატირადან, ძოწეულით მოვაჭრე, ღვთისმოშიში, ისმენდა. უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკევის მოსასმენად.
[15] როდესაც მოინათლნენ ის და მისი სახლი, გვთხოვა და გვითხრა: „თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით.“ და დაგვიყოლია.
[16] როდესაც სალოცავში მივდიოდით, შეგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
[17] იგი პავლეს და ჩვენ აგვედევნა, ყვიროდა და ამბობდა: ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ თქვენი ხსნის გზებსო.
[18] ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. პავლე ძალიან შეწუხდა, მიუბრუნდა სულს და უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან.“ და იმწამსვე გამოვიდა.
[19] დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ გაქრა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მიიყვანეს მოედანზე მთავრებთან.
[20] მთავრებს რომ წარუდგინეს, უთხრეს: „ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს.
[21] და გვასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, ვინაიდან რომაელები ვართ.“
[22] და აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ. ხოლო მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
[23] მაგრად რომ სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს და საპყრობილის ზედამხედველს უბრძანეს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის.
[24] ასეთი ბრძანება რომ მიიღო, მანაც შეყარა ისინი შიდა საპყრობილეში და ფეხებზე ხუნდები დაადო.
[25] შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
[26] უცერად მოხდა დიდი მიწისძვრა, ისე რომ, საპყრობილის საძირკველი შეირყა. მყისვე გაიღო ყველა კარი და ყველას დასცვივდა ბორკილები.
[27] გამოეღვიძა საპყრობილის ზედამხედველს და დაინახა, რომ საპყრობილის კარი ღია იყო. იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ.
[28] პავლემ გამოსძახა ხმამაღლა და უთხრა: „შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, ვინაიდან ჩვენ ყველანი აქა ვართ.“
[29] მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე.
[30] გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?“
[31] ხოლო მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც.“
[32] და უქადაგეს ღვთის სიტყვა მას და ყველას, მის სახლში მყოფს.
[33] და წაიყვანა ისინი იმ ღამეს, იმ საათშივე, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი.
[34] მიიყვანა ისინი თავის სახლში, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, რომ იწამა ღმერთი.
[35] რომ გათენდა, მთავრებმა გაგზავნეს მსახურნი და უთხრეს: „გაუშვი ის კაცები.“
[36] შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: „მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და მშვიდობით წადით.“
[37] მაგრამ პავლემ უთხრა მათ: „ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, განუკითხავად გვცემეს სახალხოდ და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ.“
[38] მოახსენეს მსახურებმა მთავრებს ეს სიტყვები. ხოლო მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელნი ყოფილანო.
[39] და მოვიდნენ, მოუბოდიშეს, გამოიყვანეს საპყრობილიდან და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ.
[40] გამოვიდნენ საპყრობილიდან და მივიდნენ ლიდიასთან, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და წავიდნენ.