Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:41

[1] ამის შემდეგ კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე. ასე გამოეცხადა:

[2] ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მისი მოწაფეთაგანი.

[3] ეუბნება მათ სიმონ-პეტრე: „სათევზაოდ მივდივარ.“ უთხრეს მას: „ჩვენც წამოგყვებით.“ გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.

[4] უკვე გათენებული იყო და, იესო იდგა ნაპირზე, მოწაფეებმა კი არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო.

[5] ეუბნება მათ იესო: „შვილებო, არა გაქვთ საჭმელი?“ მიუგეს მას: „არა.“

[6] უთხრა მათ: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით.“ ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.

[7] მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, ეუბნება პეტრეს: „ეს უფალია.“ სიმონ-პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა.

[8] სხვა მოწაფეები კი პატარა ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, ასე ორას წყრთაზე, და გამოათრიეს ბადე თევზიანად.

[9] ხმელეთზე რომ გადმოვიდნენ, ნახეს დაწყობილი ნაკვერცხლები და მათზე დადებული თევზი და პური.

[10] ეუბნება მათ იესო: „იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ.“

[11] წავიდა სიმონ-პეტრე და ხმელეთზე გამოათრია ბადე, სავსე ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით და, სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა.

[12] ეუბნება მათ იესო: „მოდით, ისაუზმეთ.“ მოწაფეთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა, ეკითხა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო.

[13] მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ, ასევე თევზიც.

[14] ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს, მკვდრეთით აღმდგარი.

[15] რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: „სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „აძოვე ჩემი კრავები.“

[16] ეუბნება მას კვლავ მეორედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „დამწყსე ჩემი ცხვრები.“

[17] ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ პეტრე დაღონდა, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ“? და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები.

[18] ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. როცა დაბერდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს.“

[19] ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: „მომყევი.“

[20] მოტრიალდა პეტრე და დაინახა, რომ მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, მოსდევდა მათ. სწორედ ის, მისი მკერდისკენ რომ გადაიხარა სერობისას და უთხრა, უფალო, ვინ გაგცემსო?

[21] ეს რომ დაინახა პეტრემ, ეუბნება იესოს: „უფალო, ამას რა?“

[22] ეუბნება მას იესო: „თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა? შენ მე გამომყევი.“

[23] და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ, თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო?

[24] ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.

[25] კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც, დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, მთელი სოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.

იოანეს სახარება — Chapters