Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:58

[1] შაბათის გასულს, ერთშაბათის თენებისას, მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი.

[2] და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა. უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა.

[3] მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი – თოვლივით სპეტაკი.

[4] მისი შიშით შედრკნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ.

[5] მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.

[6] აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა.

[7] სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.“

[8] ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით, და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის.

[9] და აჰა, იესო შეხვდა მათ და უთხრა: „გიხაროდეთ!“ ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას.

[10] მაშინ უთხრა მათ იესომ: „ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ.“

[11] როცა ისინი მიდიოდნენ, აჰა, მცველთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და აუწყეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა.

[12] ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს

[13] და უთხრეს: „თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა-თქო.

[14] და თუ ამას განმგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას.“

[15] მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე.

[16] ხოლო თერთმეტი მოწაფე წავიდა გალილეაში, იმ მთაზე, რომელიც იესომ დაუთქვა მათ.

[17] ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგს კი ეჭვი ეპარებოდა.

[18] მივიდა იესო მათთან და უთხრა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე.

[19] ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.

[20] ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ.“

მათეს სახარება — Chapters