[1] როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, იესომ გაგზავნა ორი მოწაფე.
[2] უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ.
[3] და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ.“
[4] ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
[5] „უთხარით სიონის ასულს: ‘აჰა, შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე.’“
[6] მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა.
[7] მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე.
[8] დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.
[9] ხოლო ხალხი, წინ რომ უძღვოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“
[10] როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ეს ვინ არისო?
[11] ხალხი კი ამბობდა: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან.“
[12] შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები.
[13] უთხრა მათ: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!“
[14] მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი.
[15] როცა დაინახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაული, რომელიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძესო, გული მოუვიდათ.
[16] უთხრეს მას: „თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესომ უთხრა მათ: „ჰო! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება.’“
[17] და დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია.
[18] განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა.
[19] გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე.“ და მყისვე გახმა ლეღვი.
[20] დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: „რა უცბად გახმა ეს ლეღვი!“
[21] მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება.
[22] ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.“
[23] როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“
[24] მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
[25] საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?“ ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას?
[26] თუ ვიტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.“
[27] მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: „არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
[28] „აბა, რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: ‘შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.’
[29] მიუგო და უთხრა: ‘არ მინდა.’ ბოლოს კი ინანა და წავიდა.
[30] მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: ‘წავალ, ბატონო.’ მაგრამ არ წავიდა.
[31] ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ უთხრეს: „პირველმა.“ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში.
[32] ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.
[33] „მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა.
[34] რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად.
[35] მიწისმუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგსა სცემეს, ზოგნი დახოცეს, ზოგნი ჩაქოლეს.
[36] კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ.
[37] ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო.
[38] მაგრამ მიწისმუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!’
[39] და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახს იქით და მოკლეს.
[40] აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?“
[41] უთხრეს მას: „ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ.“
[42] უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში’?
[43] ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს.
[44] ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს.“
[45] მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა.
[46] ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.