[1] და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ:
[2] „ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა.
[3] გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა.
[4] კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: ‘უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!’
[5] მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე.
[6] სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
[7] ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.
[8] მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ‘ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი.
[9] ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში.’
[10] და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით.
[11] როცა მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა,
[12] უთხრა მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?’ ის კი დუმდა.
[13] მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘გაუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’
[14] ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა.“
[15] მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში.
[16] და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას.
[17] ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“
[18] იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
[19] მიჩვენეთ სახარკო მონეტა.“ და მიუტანეს მას დინარი.
[20] უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“
[21] უთხრეს მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა – ღმერთსა!“
[22] ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ.
[23] იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არსებობსო, და ჰკითხეს მას:
[24] „მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოსო თესლი თავის ძმას.
[25] ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა.
[26] ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.
[27] ყველას შემდეგ ქალიც მოკვდა.
[28] ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა.“
[29] მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა.
[30] ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
[31] ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღვთისაგან თქვენთვის თქმული:
[32] ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?’ ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა.“
[33] ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.
[34] როცა ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ.
[35] ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა მას:
[36] „მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?“
[37] მან უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’
[38] ეს არის პირველი და დიდი მცნება.
[39] და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’
[40] ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“
[41] როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ ჰკითხა მათ:
[42] „რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?“ მათ უთხრეს: „დავითისა.“
[43] უთხრა მათ: „აბა როგორღა უწოდებს დავითი სულში მას უფალს, როცა ამბობს:
[44] ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა კვარცხლბეკად’?
[45] თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღაა?“
[46] ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება. იმ დღიდან მოკიდებული კითხვას ვეღარავინ უბედავდა.