Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 9:10

[1] გათენებისას მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.

[2] შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს – განმგებელს.

[3] როცა იუდამ, მისმა გამცემმა, დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს,

[4] და უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი.“ მათ უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი.“

[5] და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.

[6] მღვდელმთავრებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს: „არ იქნება ამის ტაძრის საგანძურში დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია.“

[7] მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად.

[8] ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი.

[9] მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: „და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ვინც შეფასდა ისრაელიანთა მიერ,

[10] და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.“

[11] ხოლო იესო წარსდგა განმგებლის წინაშე და ჰკითხა მას განმგებელმა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ იესომ უთხრა: „შენ ამბობ.“

[12] და როცა ბრალს სდებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერი უპასუხია.

[13] მაშინ უთხრა მას პილატემ: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?“

[14] არც ერთ მის სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, ისე რომ ძალიან უკვირდა განმგებელს.

[15] დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა განმგებელს – ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ.

[16] ჰყავდათ მაშინ ცნობილი პატიმარი, ბარაბად წოდებული.

[17] როცა მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“

[18] ვინაიდან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.

[19] როცა ის სამსჯავროს ტახტზე იჯდა, მისმა ცოლმა შეუთვალა და უთხრა: „არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო.“

[20] ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ.

[21] მიუგო განმგებელმა და უთხრა მათ: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ მათ უთხრეს: „ბარაბა.“

[22] უთხრა მათ პილატემ: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ყველამ თქვა: „ჯვარს ეცვას!“

[23] ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?“ მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად ყვიროდნენ: „ჯვარს ეცვას!“

[24] როცა პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან. თქვენ იცით.“

[25] მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი.“

[26] მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.

[27] მაშინ განმგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამსჯავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს.

[28] გახადეს მას და მოასხეს ძოწეულის მოსასხამი.

[29] დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწამი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო!“

[30] და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში.

[31] დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააცვეს თავისივე სამოსელი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.

[32] როცა გამოდიოდნენ, პოვეს კაცი კვირინელი, სახელად სიმონი, და აიძულეს იგი, მისი ჯვარი ეტარებინა.

[33] მივიდნენ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.

[34] მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად და, რომ იგემა, შესმა არ ინდომა.

[35] ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.

[36] ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას.

[37] თავს ზემოთ დაუდგეს დაწერილი ბრალდება: „ეს არის იესო, იუდეველთა მეფე.“

[38] მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთი – მარცხნივ.

[39] გამვლელები კი თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას.

[40] ამბობდნენ: „ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი. თუ ღვთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან.“

[41] ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ:

[42] „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.

[43] ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს, ვინაიდან თქვა, ღვთის ძე ვარო.“

[44] მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ასევე ლანძღავდნენ მას.

[45] ხოლო მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა.

[46] მეცხრე საათი იქნებოდა, რომ შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთან?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“

[47] იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: ელიას უხმობსო.

[48] უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად.

[49] სხვები კი ამბობდნენ: „მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელად.“

[50] ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.

[51] და აჰა, ტაძრის კრეტსაბმელი გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა მიწა, და კლდეები დასკდა.

[52] სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა.

[53] გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენნენ.

[54] ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო.“

[55] იქ იყო აგრეთვე შორიდან მაყურებელი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.

[56] მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, იაკობისა და იოსების დედა მარიამი და ზებედეს ძეთა დედა.

[57] როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები. ისიც იესოს მოწაფე იყო.

[58] მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. მაშინ პილატემ ბრძანა, მიეცათ.

[59] აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.

[60] და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა.

[61] იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.

[62] მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან

[63] და თქვეს: „ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო, თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.

[64] ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უყარაულონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება.“

[65] უთხრა მათ პილატემ: „თქვენ გყავთ დაცვა. წადით და უსაფრთხო ჰყავით, როგორც იცით.“

[66] ისინი წავიდნენ, სამარხი უსაფრთხო ჰყვეს: დაბეჭდეს ლოდი და დაცვა დაუყენეს.

მათეს სახარება — Chapters