[1] „ვინაიდან ცათა სასუფეველი წააგავს ადამიანს – სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად.
[2] მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.
[3] მესამე საათი იქნებოდა, რომ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგარნი.
[4] უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთო. და ისინიც წავიდნენ.
[5] კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა.
[6] გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვა უქმად მდგომნი და უთხრა მათ: ‘რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?’
[7] უთხრეს მას: ‘იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა.’ უთხრა მათ: ‘წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.’
[8] რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მოურავს: ‘დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.’
[9] მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი.
[10] პიველადმოსულებმა იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.
[11] როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს,
[12] ამბობდნენ: ‘ამ უკანასაკნელებმა მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ.’
[13] მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: ‘მეგობარო, არ გაწყენინებ. განა დინარად არ მომირიგდი?
[14] აიღე შენი გასამრჯელო და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
[15] არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?’
[16] ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი – ცოტა.“
[17] იერუსალიმს რომ ადიოდა, იესომ თან გაიყოლა თორმეტნი განცალკევებით და უთხრა მათ გზაში:
[18] „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღდელმთავრებსა და მწიგნობართ, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას.
[19] გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.“
[20] მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა, თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანსა სცემდა და რაღაცას ითხოვდა მისგან.
[21] უთხრა მას: „რა გინდა?“ უთხრა მას: „თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე დასხდნენ ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში.“
[22] მიუგო იესომ და უთხრა: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ?“ უთხრეს მას: „შეგვიძლია.“
[23] უთხრა მათ: „ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ.“
[24] ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ორ ძმაზე.
[25] იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე,
[26] მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს.
[27] ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს.
[28] ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად.“
[29] როცა ისინი იერიხოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას.
[30] და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!“
[31] ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“
[32] იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“
[33] უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო.“
[34] შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას.