[1] ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.
[2] და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი გასპეტაკდა როგორც ნათელი.
[3] და აჰა, გამოეცხადდნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი.
[4] უთხრა პეტრემ იესოს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“
[5] ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“
[6] ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ.
[7] იესო მიუახლოვდა, და შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ.“
[8] თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი.
[9] და როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: „არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.“
[10] ჰკითხეს მას მოწაფეებმა: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“
[11] ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ელია ნამდვილად მოვა და ყოველივეს მოაწესრიგებს.
[12] თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა.“
[13] მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდათ.
[14] და როცა ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე
[15] და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება.“
[16] მივუყვანე იგი შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება.
[17] მიუგო იესომ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი!“
[18] შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ყმაწვილი.
[19] მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: „ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?“
[20] მან უთხრა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.
[21] ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.“
[22] გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: „კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში,
[23] მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ.
[24] კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“
[25] მან უთხრა: კიო. როცა ის სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: „რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს – თავიანთ ძეთაგან, თუ უცხოთაგან?“
[26] როცა თქვა: „უცხოთაგან“, იესომ უთხრა მას: „აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან.
[27] მაგრამ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. წამოიღე იგი, და მიეცი ჩემთვის და შენთვის.“