Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:45

[1] წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.

[2] აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;

[3] იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;

[4] რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;

[5] სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.

[6] იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.

[7] სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.

[8] ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;

[9] ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;

[10] ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;

[11] იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;

[12] ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;

[13] ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;

[14] ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;

[15] ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;

[16] იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.

[17] ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე – თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე – თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე – თოთხმეტი თაობა.

[18] ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;

[19] ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.

[20] როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.

[21] შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.“

[22] ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

[23] „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, – რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.“

[24] სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.

[25] და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.

მათეს სახარება — Chapters