[1] ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა.
[2] დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ის კურნავდა მათ იქ.
[3] და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსცდიდდნენ და ეკითხებოდნენ: „შეუძლია კაცს გაუშვას თავისი ცოლი ყოველგვარი მიზეზით?“
[4] მან მიუგო და უთხრა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
[5] და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.’
[6] ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ.“
[7] უთხრეს მას: „აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრილობის წერილის მიცემა და გაშვება?“
[8] უთხრა მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
[9] მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.“
[10] უთხრეს მას მოწაფეებმა: „თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი.“
[11] უთხრა მათ: „ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.
[12] ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს.“
[13] მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ.
[14] იესომ უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან ამათნაირებისაა ცათა სასუფეველი.“
[15] და დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.
[16] აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: „მოძღვარო კეთილო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“
[17] მან უთხრა მას: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებები.“
[18] ჰკითხა მას: „რომლები?“ იესომ უთხრა: „არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ,
[19] პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
[20] ჭაბუკმა მას უთხრა: „ყოველივე ამას ვიცავდი. რაღა მაკლია კიდევ?“
[21] უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი.“
[22] ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
[23] იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა.
[24] კიდევ გეუბნებით თქვენ: უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“
[25] ეს რომ მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს, და თქვეს: „აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?“
[26] გადახედა მათ იესომ და უთხრა: „კაცთაგან ეს შეუძლებელია, ღვთისაგან კი ყოველივე შესაძლებელია.“
[27] მაშინ პეტრემ პასუხად უთხრა მას: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით, რა გვექნება?“
[28] იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად.
[29] ყველა, ვინც მიატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები, ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
[30] მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი – პირველნი.