[1] და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები.
[2] ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.“
[3] ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: ‘გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?“
[4] მიუგო იესომ და უთხრა მათ: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
[5] ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
[6] ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
[7] ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
[8] ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.
[9] მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
[10] მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს.
[11] მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენენ.
[12] და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
[13] ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება.
[14] ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული.
[15] ამრიგად, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა – წამკითხველმა გაიგოს, –
[16] მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ.
[17] ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად.
[18] ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წასაღებად.
[19] ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
[20] ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
[21] ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება.
[22] ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები.“
[23] „მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: ‘აჰა, აქ არის ქრისტე,’ ან: ‘იქ’, არ ერწმუნოთ.
[24] ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
[25] აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
[26] თუ გითხრან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
[27] ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
[28] ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.
[29] და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
[30] მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას მიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
[31] მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
[32] ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
[33] ასევე, როცა თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი.
[34] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
[35] ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.
[36] მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
[37] ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
[38] ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა,
[39] და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, – ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
[40] მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება;
[41] ორნი ფქვავდნენ დოლაბზე: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
[42] ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
[43] ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა.
[44] ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
[45] ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
[46] ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
[47] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
[48] ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,
[49] და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან ჭამდეს და სვამდეს,
[50] მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
[51] შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა.