[1] როცა დაამთავრა იესომ თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად.
[2] ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა,
[3] რომ ეთქვათ მისთვის: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“
[4] მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:
[5] ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
[6] ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.“
[7] როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?
[8] აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან.
[9] აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც.
[10] ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’
[11] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია.
[12] იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.
[13] ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.
[14] თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.
[15] ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
[16] მაგრამ ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და გასძახიან თავიანთ ამხანაგებს
[17] და ეუბნებიან: ‘სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ იგლოვეთ.’
[18] მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
[19] მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, და ამბობენ: ‘აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.’ სიბრძნე კი საქმეებით მართლდება.“
[20] მაშინ იწყო იესომ იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალნი, იმის გამო, რომ არ მოინანიეს.
[21] „ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ.
[22] მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.
[23] შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალნი, შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე იდგებოდა.
[24] ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ.“
[25] მაშინ თქვა იესომ: „გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს.
[26] ჰე, მამაო! ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება.
[27] ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოუცხადოს.
[28] მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.
[29] იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.
[30] ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“