Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 6:19

[1] დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები.

[2] მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:

[3] „ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.

[4] ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.

[5] ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

[6] ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.

[7] ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.

[8] ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.

[9] ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან.

[10] ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა.

[11] ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო.

[12] იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.

[13] თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად.

[14] თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.

[15] სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში.

[16] ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

[17] არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.

[18] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.

[19] ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში.

[20] ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

[21] თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: ‘არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება.’

[22] მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის – რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის – სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება.

[23] ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ,

[24] მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი.

[25] შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.

[26] ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.

[27] გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’

[28] მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

[29] თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.

[30] თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარეს.

[31] ასევე ნათქვამია: ‘ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა.’

[32] მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.

[33] კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’

[34] მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი.

[35] არც ქვეყანა, რადგან მის ფერხთა კვარცხლბეკია იგი. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.

[36] არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია.

[37] არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ‘ჰო’ ჰო! ‘არა’ არა! რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა.

[38] თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.’

[39] მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.

[40] ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას.

[41] ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი.

[42] ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.

[43] თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’

[44] მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.

[45] რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.

[46] ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?

[47] თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?

[48] მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.

მათეს სახარება — Chapters