Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:53

[1] მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა მას უკან.

[2] აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას.“

[3] და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან.

[4] და უთხრა მას იესომ: „იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.“

[5] როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა

[6] და უთხრა: „უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება.“

[7] უთხრა მას: „მე მოვალ და განვკურნავ მას.“

[8] მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.

[9] ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: წადი-მეთქი და მიდის. სხვას: მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთე-მეთქი ეს! და აკეთებს.“

[10] ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.

[11] ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში.

[12] ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის ბნელში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.“

[13] და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს.“ და იმავე საათში განიკურნა მისი მსახური.

[14] იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი.

[15] შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ.

[16] როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა.

[17] რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.“

[18] თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა იესომ, უბრძანა გაღმა გასულიყვნენ.

[19] მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ.“

[20] იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელი.“

[21] ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“

[22] იესომ კი უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.“

[23] ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ.

[24] და აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა.

[25] და მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.“

[26] და უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო?“ მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.

[27] ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ მას ემორჩილებიან?“

[28] როცა გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში, მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ ისეთი მძვინვარენი, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას.

[29] და აჰა, მორთეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან, ღვთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“

[30] მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი.

[31] ეშმაკები შეევედრნენ მას: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი.“

[32] უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა.

[33] მწყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და უამბეს ყველაფერი, რაც ეშმაკეულებს დაემართათ.

[34] და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და, რომ დაინახეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა.

მათეს სახარება — Chapters