Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:15

[1] მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს:

[2] „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ.“

[3] მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო?

[4] ვინაიდან ღმერთმა თქვა: ‘პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’

[5] თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო,

[6] ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით.

[7] თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა:

[8] ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.’

[9] ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან.“

[10] მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: „ისმინეთ და შეიგნეთ:

[11] ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს.“

[12] მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: „იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით დაბრკოლდნენ?“

[13] მან პასუხად უთხრა: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.

[14] მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან.“

[15] პეტრემ პასუხად უთხრა მას: „განგვიმარტე ეს იგავი.“

[16] ხოლო მან უთხრა: „ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგებათ?

[17] არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ზარულში გამოდის?

[18] პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის რომ ბილწავს ადამიანს.

[19] ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.

[20] სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს.“

[21] გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში.

[22] და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია.“

[23] სიტყვაც არ გაუცია მას. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: „გაუშვი იგი, რადგან მოგვყვირის ის ჩვენ.“

[24] მან მიუგო და უთხრა: „მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.“

[25] დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანი სცა მას და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“

[26] მან მიუგო და უთხრა: „არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“

[27] დედაკაცმა უთხრა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა.“

[28] მაშინ იესომ პასუხად უთხრა: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა. მოგეცეს, როგორც შენ გსურს.“ და იმავე საათში განიკურნა მისი ქალიშვილი.

[29] წავიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ.

[30] მივიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი.

[31] ისე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, ხეიბრები გამოჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს. და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.

[32] იესომ კი მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, სამი დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურდნენ.“

[33] უთხრეს მას მოწაფეებმა: „უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?“

[34] უთხრა მათ იესომ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი და მცირეოდენი თევზი.“

[35] და უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიყვნენ.

[36] აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლი შესწირა, დატეხა და დაურიგა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს.

[37] ყველამ ჭამა და გაძღა. ნარჩენი ნატეხებისაგან კი შვიდი სავსე კალათა აკრიფეს.

[38] მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.

[39] და გაუშვა ხალხი. ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალას ადგილებში.

მათეს სახარება — Chapters