Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 10:22

[1] ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს:

[2] „თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად.“

[3] მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.

[4] მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.

[5] მაგრამ ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო.

[6] როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში,

[7] მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით და ინახად მჯდომს თავზე დაასხა.

[8] მოწაფეებმა რომ დაინახეს, გაბრაზდნენ და თქვეს: ასე ფუჭად რატომ დახარჯაო?

[9] ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება.

[10] ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: „რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა?

[11] ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.

[12] ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.

[13] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ ქვეყნიერებაზე, იტყვიან, რაც ამან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად.“

[14] მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან

[15] და უთხრა: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ და მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი.

[16] მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი.

[17] უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“

[18] მან უთხრა: „წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი: ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.“

[19] მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა, და მოამზადეს პასექი.

[20] რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.

[21] და როცა ჭამდნენ, თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს.“

[22] ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: „მე ხომ არა, უფალო?“

[23] მან მიუგო და უთხრა: „ვინც ჩემთან ერთად ხელს ჩამოაწობს ჯამში, ის გამცემს.

[24] კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა, უჯობდა იმ კაცს, არ დაბადებულიყო.“

[25] მიუგო იუდამ, მისმა გამცემმა, და უთხრა: „ნუთუ მე ვარ, რაბი?“ „შენ თქვი!“ – უთხრა მას.

[26] როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.“

[27] აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან,

[28] ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.

[29] მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.“

[30] იგალობეს და გასწიეს ზეთისხილის მთისაკენ.

[31] მაშინ უთხრა მათ იესომ: „თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები.’

[32] ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გაგიძღვებით წინ გალილეისაკენ.“

[33] მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები.“

[34] უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: „ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“

[35] უთხრა მას პეტრემ: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ.“ ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.

[36] მაშინ იესო მივიდა მათთან იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: „აქ ისხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე.“

[37] თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.

[38] მაშინ უთხრა მათ: „დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.“

[39] და ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ.“

[40] მივიდა მოწაფეებთან და ჰპოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „ნუთუ ვერ შესძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?

[41] იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.“

[42] მეორედაც წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი.“

[43] კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ.

[44] მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა.

[45] მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცის ძე მიეცემა ცოდვილებს ხელში.

[46] ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“

[47] ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.

[48] ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის და შეიპყარით!“

[49] მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: „გიხაროდეს, რაბი!“ და ეამბორა.

[50] ხოლო იესომ უთხრა მას: „რისთვის მოსულხარ, მეგობარო?“ მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს.

[51] და აჰა, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა ხელი მიჰყო, იშიშვლა მახვილი, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.

[52] მაშინ იესომ უთხრა მას: „თავის ადგილას ჩააბრუნე მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.

[53] იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე წარმომიდგინოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და მეტიც?

[54] აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“

[55] იმ ჟამს უთხრა იესომ ხალხს: „თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე.

[56] მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა წერილები.“ მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.

[57] იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც თავი მოეყარათ მწიგნობრებსა და უხუცესებს.

[58] ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე. შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ენახა აღსასრული.

[59] მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,

[60] და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი

[61] და თქვეს: „ეს ამბობდა: შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო.“

[62] მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: „არაფერს უპასუხებ, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“

[63] იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავრმა უთხრა მას: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“

[64] უთხრა მას იესომ: „შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს.“

[65] მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა.

[66] რას ფიქრობთ?“ ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: „სიკვდილის ღირსია.“

[67] მაშინ დაუწყეს ფურთხება სახეში და ცემა, ზოგიერთნი სილას აწნავდნენ

[68] და ეუბნებოდნენ: „გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა?“

[69] პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: „შენც იესო გალილეველთან იყავი.“

[70] მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: „არ ვიცი, რას ლაპარაკობ.“

[71] როცა კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და უთხრა იქ მყოფთ: „ესეც იესო ნაზარეველთან იყო.“

[72] მან კვლავ უარყო ფიცით: არ ვიცნობო ამ კაცს.

[73] ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად შენც მათგანი ხარ, ვინაიდან შენი კილო გამხილებს შენ.“

[74] მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობო ამ კაცს. და მყისვე იყივლა მამალმა.

[75] და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. და გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

მათეს სახარება — Chapters