Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:45

[1] და ჩაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და მივიდა თავის ქალაქში.

[2] აჰა, მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დავრდომილი. როცა იესომ იხილა მათი რწმენა, უთხრა დავრდომილს: „გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.“

[3] აჰა, ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა: „ღმერთსა გმობს ეს კაცი.“

[4] იესომ დაინახა მათი ზრახვები და უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს?

[5] რისი თქმა უფრო ადვილია: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ იმის თქმა: ადექი და გაიარე?

[6] ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება აქვს, – ასე უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში.“

[7] ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.

[8] ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს.

[9] იქაურობას რომ გაშორდა, იესომ დაინახა კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: „გამომყევი.“ ისიც წამოდგა და გაჰყვა მას.

[10] მოხდა ისე, რომ როცა ის სუფრასთან იჯდა სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და ჩამოჯდა იესოსა და მისი მოწაფეების გვერდით.

[11] ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს, უთხრეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“

[12] ხოლო მან გაიგონა ეს და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.

[13] წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.“

[14] მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“

[15] უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.

[16] არავინ დააკერებს ძველ ტანისამოსს ახალთახალ ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოეხევა სამოსელს და უარესად გამოიხევა.

[17] არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც მოისპობა. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება.“

[18] როცა მათ ამას ელაპარაკებოდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ესესაა მოკვდა, მაგრამ მოდი, შენი ხელი დაადე მას და გაცოცხლდება.“

[19] წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც.

[20] აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლისდენით, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კალთას.

[21] ვინაიდან თავისთვის ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.

[22] ხოლო იესო მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.“ და ქალი იმავე ჟამს განიკურნა.

[23] მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი.

[24] უთხრა მათ: „წადით აქედან, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“ და სასაცილოდ აიგდეს იგი.

[25] როცა ხალხი გაიყვანეს, ის შევიდა, ხელი მოჰკიდა ხელზე და წამოდგა გოგონა.

[26] და მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.

[27] როცა იესო იქიდან მოდიოდა, ორი ბრმა აედევნა. ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, დავითის ძეო!“

[28] სახლში შესულს, მიადგნენ ბრმები და უთხრა მათ იესომ: „გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?“ უთხრეს მას: „კი, უფალო!“

[29] მაშინ შეეხო მათს თვალებს და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“

[30] და აეხილათ მათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: „იცოდეთ, არავინ გაიგოს.“

[31] მათ კი, როცა გავიდნენ, მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.

[32] ისინი რომ გავიდნენ, მოუყვანეს მას ეშმაკეული მუნჯი კაცი.

[33] როცა ეშმაკი განიდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. გაკვირვებული ხალხი ამბობდა: ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარაო ისრაელში.

[34] ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებსო.

[35] დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას.

[36] ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.

[37] მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – ცოტა.

[38] ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.“

მათეს სახარება — Chapters