Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 7:16

[1] იმხანად იესომ ყანებზე გადაიარა, შაბათ დღეს, ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა.

[2] ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: „აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რის გაკეთებაც შაბათ დღეს არ შეიძლება.“

[3] მან კი უთხრა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს?

[4] როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს, არამედ მხოლოდდამხოლოდ მღვდლებს?

[5] ანდა არ ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები ტეხენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან?

[6] თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია.

[7] რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მნებავს და არა მსხვეპლი,’ მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს.

[8] ვინაიდან კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“

[9] და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში.

[10] და აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“

[11] ხოლო მან უთხრა მათ: „რომელიმე თქვენთაგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?

[12] ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება.“

[13] მაშინ უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.

[14] ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესომ შეიტყო და იქაურობას გაეცალა.

[15] დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა,

[16] და აუკრძალა მათ ამის გახმაურება.

[17] რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს:

[18] „აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სასჯელს წარმართებს.

[19] არ იდავებს და არც იყვირებს, და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.

[20] გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს

[21] და მის სახელს მიენდობიან წარმართები.“

[22] მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.

[23] მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: „ნუთუ ეს დავითის ძეა?“

[24] ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.

[25] იესომ როცა დაინახა მათი ფიქრები, უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაიყოფა თავისთავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს.

[26] და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა: როგორღა გაძლებს მისი სამეფო?

[27] თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.

[28] თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი.

[29] ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს.

[30] ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.

[31] ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.

[32] ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში.

[33] „ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც, ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა.

[34] იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.

[35] კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.

[36] თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს.

[37] ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები.“

[38] მაშინ მიუგო მას ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან.“

[39] ხოლო მან მიუგო პასუხად: „ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.

[40] ვინაიდან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში.

[41] ნინევიელები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი.

[42] სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, ვინაიდან იგი მიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.

[43] როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის ურწყულებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს.

[44] მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს,

[45] მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც.“

[46] როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას.

[47] ვიღაცამ უთხრა მას: „აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ.“

[48] მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“

[49] ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: „აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები;

[50] ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“

მათეს სახარება — Chapters