Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:19

[1] დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.

[2] როგორც ესაია წინასწარმეტყველში სწერია: „აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას.

[3] ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.“

[4] იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.

[5] გამოდიოდა მასთან იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და მდინარე იორდანეში მის მიერ ინათლებოდნენ და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ.

[6] იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. და ჭამდა კალიებსა და ველურ თაფლს.

[7] ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა.

[8] მე წყლით გნათლავდით, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ.“

[9] მოხდა იმ დღეებში, რომ მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა იოანეს მიერ იორდანეში.

[10] და უცბად, როცა წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცა და სული, მტრედივით გარდამომავალი მასზე.

[11] და ციდან იყო ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“

[12] და უცბად წაიყვანა იგი სულმა უდაბნოში.

[13] უდაბნოში ორმოცი დღე იყო იგი და სატანისგან იცდებოდა. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.

[14] მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, იესო მივიდა გალილეაში და ღვთის სახარებას ქადაგებდა

[15] და ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.“

[16] როცა გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.

[17] იესომ უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“

[18] მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.

[19] ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. ისინი ნავში ბადეებს ამზადებდნენ.

[20] მყისვე მოიხმო ისინი, და მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას.

[21] კაპერნაუმს მივიდნენ და მყისვე, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში, და იგი ასწავლიდა მათ.

[22] გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.

[23] უცბად მათ სინაგოგაში მყოფმა, არაწმიდა სულით შეპყრობილმა, კაცმა იყვირა:

[24] „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ.“

[25] იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“

[26] არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან.

[27] ისე განცვიფრდნენ ყველანი, რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიანო მას?

[28] მისი ამბავი მყისვე მოედო გალილეის მთელ მხარეს.

[29] სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ იოანესთან და იაკობთან ერთად.

[30] სიმონის სიდედრი იწვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი. მას მყისვე უთხრეს მასზე.

[31] მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.

[32] საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც კი სნეული და ეშმაკეული იყო.

[33] მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კართან.

[34] ბევრი სნეული განკურნა სხვა და სხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ რთავდა ეშმაკებს, ელაპარაკათ, რადგან ისინი იცნობდნენ მას.

[35] განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას, და იქ ლოცულობდა.

[36] სიმონი და მასთან მყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას.

[37] იპოვეს იგი და უთხრეს: „ყველა შენ გეძებს.“

[38] უთხრა მათ: „წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული.“

[39] და დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და ეშმაკებს დევნიდა.

[40] მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოუყარა, შეევედრა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“

[41] შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“

[42] და მყისვე მოშორდა კეთრი და განიწმიდა.

[43] მკაცრად გააფრთხილა და მყისვე გაუშვა.

[44] უთხრა მას: „უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად.“

[45] ის კი გავიდა და დაიწყო ბევრი ლაპარაკი და ისე გაახმაურა ეს ამბავი რომ, იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბნო ადგილებში იმყოფებოდა და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.

მარკოზის სახარება — Chapters