[1] ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან.
[2] ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
[3] შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
[4] რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად.
[5] როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
[6] შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
[7] ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან.
[8] ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ.
[9] თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
[10] მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
[11] პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
[12] და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.
[13] და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ.
[14] ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
[15] ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
[16] ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
[17] ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი,
[18] რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს.
[19] ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
[20] დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
[21] ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
[22] სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.
[23] ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?
[24] არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
[25] ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე?
[26] შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?
[27] რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?
[28] სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
[29] მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
[30] თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
[31] ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო?
[32] ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.
[33] თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ.
[34] ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.