Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:19

[1] მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ციდან.

[2] მან მიუგო და უთხრა მათ: „საღამოხანს თქვენ ამბობთ: ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან ცა წითელიაო;

[3] დილით კი – დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი – არა?

[4] ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.“ და მიატოვა ისინი და წავიდა.

[5] გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ.

[6] და იესომ უთხრა მათ: „იხილეთ, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.“

[7] ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბობდნენ: პური არ წამოგვიღიაო.

[8] იცოდა ეს იესომ და უთხრა მათ: „რას ფიქრობთ გულში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ?

[9] ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პური და რამდენი გოდორი აიღეთ?

[10] აღარც ოთხი ათასის შვიდი პური და რამდენი კალათი აიღეთ?

[11] რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?“

[12] მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.

[13] ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მიდიოდნენ, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“

[14] მათ უთხრეს: „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი – ელიაო და ზოგი – იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.“

[15] უთხრა მათ: „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“

[16] სიმონ-პეტრემ უთხრა მას პასუხად: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა.“

[17] მიუგო იესომ და უთხრა მას: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ცაშია.

[18] მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი.

[19] მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.“

[20] მაშინ უბრძანა მოწაფეებს, არავისთვის გაემხილათ, რომ ის ქრისტეა.

[21] მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.

[22] პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: „შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!“

[23] ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ღმერთისაზე კი არ ლაპარაკობ, არამედ კაცისაზე.“

[24] მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.

[25] ვინაიდან ვისაც სურს თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას.

[26] რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?

[27] ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით.

[28] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავისი სუფევით მომავალს.“

მათეს სახარება — Chapters