Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:13

[1] როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს:

[2] „სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.“

[3] ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.

[4] შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე.

[5] მათ კი უთხრეს მას: „იუდეის ბეთლემში. ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:

[6] ‘და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; ვინაიდან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს.’“

[7] მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.

[8] წარგზავნა ისინი ბეთლემს, და უთხრა: „წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას.“

[9] მათაც მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო.

[10] ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ მეტისმეტი სიხარულით გაიხარეს.

[11] როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

[12] და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.

[13] როცა ისინი წავიდნენ, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.“

[14] ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და მივიდა ეგვიპტეს.

[15] და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.“

[16] ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია.

[17] მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:

[18] „ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს თავი ინუგეშოს, ვინაიდან აღარ არიან ისინი.“

[19] ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აჰა, ეგვიპტეში იოსებს სიზმრად გამოეცხადა უფლის ანგელოზი

[20] და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ.“

[21] ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.

[22] ხოლო როცა გაიგო, რომ არქელაოსი მეფობს იუდეაში, მამამისის, ჰეროდეს, ნაცვლად შეეშინდა იქ წასვლისა, მაგრამ სიზმრად მიიღო გაფრთხილება და წავიდა გალილეის მხარეში,

[23] მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.

მათეს სახარება — Chapters