[1] იმ დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას.
[2] დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან, ისე რომ იგი შევიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.
[3] ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ეუბნებოდა: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
[4] თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი.
[5] ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა.
[6] ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
[7] ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი.
[8] ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.
[9] ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!“
[10] მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“
[11] მან პასუხად უთხრა მათ: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული.
[12] ვინაიდან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
[13] იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან.
[14] სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: ‘სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ.
[15] რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ. გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.’
[16] ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ.
[17] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.
[18] ხოლო თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი.
[19] ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ ხვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი.
[20] ხოლო კლდოვანზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას,
[21] მაგრამ ფესვები არა აქვს თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.
[22] ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება.
[23] ხოლო, კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს.“
[24] სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.
[25] როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა.
[26] ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.
[27] მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: ‘ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი?’
[28] მან კი უთხრა მათ: ‘მტერმა კაცმა გააკეთა ეს.’ ხოლო მონებმა უთხრეს მას: ‘გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?’
[29] მან თქვა: ‘არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ.
[30] დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ.’“
[31] სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში.
[32] იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებში პოულობენ თავშესაფარს.“
[33] მერე სხვა იგავი უთხრა მათ: „ცათა სასუფეველი წააგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და დაფარა სამ წყვა ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა.“
[34] ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა.
[35] რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც დასაბამიდან დაფარულია.“
[36] მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი.“
[37] მან მიუგო და უთხრა: „კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა.
[38] საყანე კი სოფელია. კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – ბოროტის ძენი.
[39] ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი. მკა კი არის სოფლის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან.
[40] ამიტომ, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება სოფლის დასასრულს.
[41] ვინაიდან მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ საცდურსა და ურჯულოების მოქმედს,
[42] და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
[43] მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
[44] ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც წააწყდება კაცი და ჩამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ მინდორს.
[45] კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს.
[46] როცა წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იმას შეიძენს.
[47] კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი სახის თევზს იჭერენ.
[48] როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან.
[49] ასევე იქნება სოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან.
[50] და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
[51] თუ გაიგეთ ყოველივე ეს?“ – დიახო, – მიუგეს მას.
[52] მან კი უთხრა მათ: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი.“
[53] იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გაეცალა.
[54] მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ თავიანთ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: „საიდანა აქვს მას ეს სიბრძნე და სასწაულები?
[55] განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არა ჰქვია, მის ძმებს კი – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?
[56] განა მისი დები ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ყოველივე ეს?“
[57] და შებრკოლდნენ მის გამო. იესომ კი უთხრა მათ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა.“
[58] და არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.